
ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, გარკვევით განაცხადა, რომ მეტოქეებისთვის მცირე საფიქრებელი დროის დატოვების მიზნით, ტოკიოში გასამგზავრებელ შემადგელობას, უკიდურესად ბოლო ვადებში დაასახელებდა. მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტში, ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის, ორთაბრძოლის დროს მიღებულმა ტრავმამ ყველა საგონებელში ჩააგდო.
დღეს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა, მაგნიტო-რეზონანსული და ტომოგრაფია. ექიმთა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ სრულყოფილი სურათისთვის საჭირო იყო ყველანაირი კვლევა. ჩართულია რამდენიმე ექიმი. მხარდაჭერა გვაქვს, როგორც სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტისგან და ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან. მობილიზებულია ყველა ექიმი და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ის ტრავმები, რომელიც იყო და გეტყვით რომ დაზიანება არის კუნთიც, სახსარიც და პატარა მყესიც, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ ეს ანთებითი პროცესი, რომელიც არის დროულად ჩაქრეს. მთელი კომპლექსია გაწერილი იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეწუხდა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. იმედს, ვიტოვებთ, რომ ლაშა ბექაური ასახელებს საქართველოს", - ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.

მთავარი ექიმის განცხადებით, სპორტსმენს ყველა კვლევა ჩაუტარდა და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზოს.
ფოტო: @Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








