
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამიერიდან ბრატისლავას „სლოვანის" წევრები არიან და გუნდთან ერთად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შეუდგებიან მზადებას. „კაშო", ახალ კლუბში 4-ნომრიანი მაისურით, ჯაბა კი, 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებენ.
„ბედნიერი ვარ, რომ „სლოვანში" მოვხვდი. გარშემო საკმაოდ სასიამოვნო ატმოსფეროა და ხალხი მუშაობს. რა თქმა უნდა მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გვქონდა ბევრი წარმატება ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მომიწევს მუშაობა, რადგან ის ჩემს კარიერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მწვრთნელია. კარგი ადამიანია, კარგი მწვრთნელია. რაც შეეხება კლუბს, ვიცი, რომ არის ტრადიციული კლუბი, გადის ასპარეზობის მოსაგებად. ვიცი, რომ წარსულში დიდი ტიტულები აქვს მოგებული. იმედი მაქვს, რომ გუნდს მივეხმარებით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებული სეზონი გვექნება", - უთხრა გურამ კაშიამ „სლოვანის" პრეს-სამსახურს.
ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა „სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმაც, ვლადიმირ ვაისმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დროს, კონკრეტული ფეხბურთელების მისამართით არსებულ სიმპათიებზე, ხშირად საუბრობდა ქართულ მედიასთან შეხვედრების დროს. უფრო მეტიც, ვლადიმირ ვაისი იყო, პირველი, რომელმაც, ევროპული კლუბების სკაუტებისა და მწვრთნელების მისამართით შეტყობინება გააგზავნა, ჯაბა კანკავას შესახებ (გემახსოვრებათ, ერთი პერიოდი კანკავა უგუნდოდ იყო, თუმცა, ვაისმა ის, ეროვნულში მაინც გამოიძახა).
„მე სრულად ვენდობი ამ მოთამაშეებს. ნაკრებში ბევრი თამაში აქვთ ჩატარებული. ასაკში არიან, თუმცა აქვთ გამოცდილება, რაც ევროტურნირებზე დაგვჭირდება", - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა, რომელსაც ამ განმარტების მიცემა, ფეხბურთელების ასაკის გამო, სოცქსელში გამოხმაურებების გამო მოუხდა.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ბრატისლავაში, ირლანდიურ „შემროკ როვერსის" წინააღმდეგ დაიწყებს.
ფოტო: @ŠK Slovan Bratislava





ჩვენ








