
დღეს, თბილისში, ვაკის საცოც დარბაზში, დასრულდა საქართველოს ღია ჩემპიონატი ბოულდერინგში. ტურნირში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 9 გოგონა და 30 ვაჟი მეკლდეური მონაწილეობდა. ბოულდერინგი, მეკლდეურობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მოკლე ტრასებზე, დაცვის გარეშე, ტექნიკურად რთული მარშრუტის გავლას, ფიქსირებულ დროში გულისხმობს. მეკლდეურობის ამ ნაირსახეობაში, 2020 წლიდან ოლიმპიური თამაშების მედლები გათამაშდება, ისევე, როგორც სისწრაფეზე და რთულ ცოცვაში. ამდენად, ტოკიოში მოხვედრის შანსები და სურვილი ქართველ მეკლდეურებსაც აქვთ, თუკი მათ მოსამზადებლად და სალიცენზიო ქულების დასაგროვებელ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი გვერდში დგომა ექნებათ.
„რეგიონალურ და აზიაში გამართულ ტურნირებზე, ჩვენმა მეკლდეურებმა პატარა შედეგები აჩვენეს. მომავალში, ვაპირებთ, სპორტის ეს სახეობა, რომელიც წლების წინ საკმაოდ პოპულარული იყო, კიდევ უფრო განვავითაროდ. დღევანდელი შეჯიბრიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - ამბობს ლევან გურჩიანი, ტურნირის მთავარი მსაჯი.
საქართველოს ღია ჩემპიონატისთვის კი მსაჯებმა, როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის 4-4 სხვადასხვა სირთული ტრასა მოამზადეს. თითოეული გზის გასავლელად, მონაწილეებს 5-5 წუთი მიეცათ. საკვალიფიკაციო გარბენების შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 ვაჟი და 4 გოგონა გადავიდა. საბოლოოდ, გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ნიცა თვაურმა, მეკლდეურთა ტრადიციულ ოჯახში აღზრდილმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მოახერხა. მეორე იყო სალომე სანაძე, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ კიწმარიშვილი გავიდა.
„საკმაოდ რთული გზა იყო, მითუმეტეს ასპარეზობის სტარტზე, პირველ ტრასისთვის. პატარა ხელის მოსაკიდებლებზე, გაუხურებელი ხელით მისვლა რთულია. მიუხედავად ამისა, ჩემი გამოსვლით, მაინც კმაყოფილი ვარ", - ამბობს ნიცა თვაური.
საპრიზო ადგილზე გასული სამივე გოგონა თბილისში ვარჯიშობს. მათ მსგავსად, საპრიზო კვარცხლბეკი ვაჟებშიც თბილისის წარმომადგენლებმა დაიკავეს. საუკეთესო შედეგი, გიგა ჯანხოთელმა აჩვენა. მეორე ადგილზე გამოცდილი ქართველი მეკლდეური და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სისწრაფეზე და რთულ ცოცვაში ავთო ქურასბედიანი გავიდა. მესამე იყო სოსო გაბულდანი.





ჩვენ








