ორი გიორგის ორი გოლით, ორმა „დინამომ“ მორიგი ქულები ჩაიწერა
ორი გიორგის ორი გოლით, ორმა „დინამომ“ მორიგი ქულები ჩაიწერა
19.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად 3 დღეში, საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე წრე დაიწყება. ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში, „ორხელისუფლებიანობაა". ბათუმისა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს" შორის, 2 წრის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ურთიერთშეხვედრებისა და მეტი გოლის ხარჯზე აჭარული გუნდი, პირველ პოზიციაზეა. თუმცა, ჩემპიონატი გრძელდება და კიდევ, ბევრჯერ შეიცვლება ვითარება. ფაქტია, რომ ორივე გუნდი, მეტოქეებს, მე-3 და მე-4 ადგილოსან გუნდებს კომფორტული სხვაობით უსწრებს.


ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურში კი, ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 2-0 მოიგო საშინაო მატჩები. ბათუმელებმა, საკუთარი გულშემატკივრის წინ, გორის „დილა" დაამარცხეს. აქ, მატჩის ბედი გიორგი ფანცულაიას დუბლმა, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.


გიორგი გაბედავას დუბლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი თბილისშიც, რომელშიც, „დინამო თბილისმა", „ლოკომოტივს" სძლია. სხვათა შორის, შეხვედრის პირველ წუთებზე სტუმრები, უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა, კახა ცხადაძის შეგირდებმა, ნელ-ნელა მოახერხეს თამაშის „დალაგება" და უპირატესობასაც დაეუფლნენ. ამ თბილისური დერბის შეფასებისას, ალბათ, ყველაზე მეტად საყურადღებოა, დინამოელთა მიერ გაფუჭებული ბევრი საგოლე მომენტი.


ბათუმის „დინამო" - „დილა" გორი 2-0

„დინამო თბილისი"  - „ლოკომოტივი"  2-0


მეორე წრის ბოლო ტურში, რომელიც ორ საასპარეზო დღეზე იყო გადანაწილებული, მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა ფრედ, 0-0. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, იმერულ დერბიში, „ტორპედოსა" და „სამგურალს" შორის გოლი არ გასულა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ქუთაისური კლუბის ქომაგებმა, მორიგი საგანგაშო შეტყობინება გაავრცელეს სოციალური ქსელით. ერთ-ერთი თვითმყოფადი იმერული კლუბი კი, ეროვნული ლიგის ორი წრის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზეა და მხოლოდ, 2 ქულით უსწრებს, გასავარდნ ზონაში მყოფ „შუქურას".


თავის მხრივ, „შუქურამ", რომელმაც რამდენიმე ტურით ადრე „დინამო თბილისის" წინააღმდეგ, მთელი ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური პოტენციალი დახარჯა, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთ შეხვედრაში, „საბურთალოსთან" მოახერხა ბალანსის დაცვა და თავის გატანა. „თელავის" წინააღმდეგ კი, რომელსაც წინა ორ ტურში მოთამაშეები გაუგდეს და შესაბამისად, არ იყო ოპტიმალური შემადგენლობით, 3 ქულა დათმო. კახელებმა, მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგეს, თუმცა, სატურნირო ცხრილში, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერეს.


მეორე წრის ბოლო ტურში კი ყველაზე მეტი გოლი, მიხეილ მესხზე გავიდა. „საბურთალომ", „სამტრედია", რომელიც გათამაშების ბოლო ადგილზეა, 4-0 დაამარცხა. იმერული კლუბი, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაშია, შეხვედრის მე-17 წუთზე, ავტოგოლის შემდეგ, შეეცადა ვითარების გამოსწორებას, თუმცა, 42-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილის გოლის შემდეგ, საბოლოოდ გატყდა. მეორე რაიმში უხეშობას უმატა, ტაიმის მიწურულს, კი გა ცეცაძის შეგირდებმა, კიდევ 2 გოლი გაუშვეს, 83-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, აკაკი შულაიას გადაცემა ოგაგა ოდუკომ დააბოლოვა.


აქვე შეგახსენებთ, რომ 22 ივნისიდან ეროვნული ლიგის გათამაშების მესამე წრე იწყება. გუნდები მხოლოდ 3 ტურს ითამაშებენ და შემდეგ, ელიგაზე ევროტურნირებით გამოწვეული შესვენება გამოცხადდება.


სატურნირო ცხრილი

სატურნირო კალენდარი