
საქართველოს ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი, რომელიც 22 ივნისს, დინამო თბილისის აკადემიაში უნდა გამართულიყო ჩაიშალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმავე დღეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„22 ივნისს დაგეგმილი ქალთა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი ნიკე - ლანჩხუთი ჩაიშალა. მასპინძელმა გუნდმა თამაშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ფაქტს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი განიხილავს", - აღნიშნულია განცხადებაში. TSFF.GE-ს ინფორმაციით კი, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტი, დღეს, 24 ივნისს შეიკრიბება.
ქალთა ლიგის 2021 წლის რეგულარული ჩემპიონატის დასასრულამდე 3 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში, კვლავინდებურად „ლანჩხუთია". გურულებთან 4 ქულა აშორებს თბილისის „კვარტალს", რომელმაც მე-11 ტურში, „პეტრო არენაზე", ქუთაისის „მართვეს" დამარცხება, 2-0 მოახერხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელებმა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს. 50-ე წუთზე, გოლი „კვარტალის" ლეგიონერმა ლაურა ლებერმა, გაიტანა. კიდევ, 17 წუთში, ნინო სუთიძემ მოახერხა გოლის გატანა. „კვარტალს" შეეძლო, ანგარიში სამამდეც გაეზარდა, თუმცა, მე-80 წუთზე, „მართვეს" კარში დანიშნული 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს.
გორის „პარკი არენაზე", ადგილობრივმა „გორი იუნაიტედმა" დიდი ანგარიშით, 5-0, „ბათუმს" მოუგო. აჭარული გუნდის კარში, სამი გოლი გაიტანა ეთერ სულაშვილმა. ამასთან, გორელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანგარიში, მე-7 წუთზე გახსნა და შემდეგ, 42-ზე, საკუთარი გუნდი კომფორტული სხვაობით გაიყვანა შესვენებაზე. მასვე ეკუთვნის მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე გატანილი გოლი. 62-ე და 75-ე წუთებზე კი, „ბათუმის კარში" ორი გოლი გაიტანა ნათია სხირტლაძემ. აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ, რომელიც გორელებს, „ნიკედან" წასვლის შემდეგ შეუერთდა, მე-11 ტურში სადებიუტო დუბლი გაიფორმა.
ფრედ, 1-1 ითამაშეს, „კოლხეთმა" და „ნორჩმა დინამომ". ეს ორი გუნდი, ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მედლებისთვის ბრძოლაში, საგზურის ტოლფასია. შესაბამისად, მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, 28-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. სტუმართა კარი, ნატა კვირკვაიამ აიღო. 73-ე წუთზე ლიკა მანუჩარაშვილმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის მიწურულს კი, ერთ-ერთმა ხობელმა 4-წუთიან შუალედში, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა კაცნაკლულებმა დაასრულეს შეხვედრა. თუმცა, ეს უპირატესობა სტუმრებმა ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, ორივე გუნდი ყაიმს დასჯერდა. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში, კონკრეტულ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულაა.
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-12 ტური, 28 ივნისს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი და გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








