
ორ დღეში, საქართველოს ქალთა ლიგაში, რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტური ჩატარდება და ბოლო 2 ტურამდე, შესვენება გამოცხადდება, რომლის დროსაც ქალთა ლიგის და ქალთა ლიგა 2-ში მონაწილე გუნდები საქართველოს თასს გაითამაშებენ. მანამდე კი, საქართველოში, ქალთა ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება მე-11 ტურის ჩაშლილ მატჩზე და შესაბამისად, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებისკენ იყო მიმართული.
თავის მხრივ, სადისციპლინო კომიტეტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა ლიგის მე-11 ტურის მატჩის ჩამშლელი გუნდის საზიანოდ, გადაწყვეტილებად, გუნდისთვის ე.წ. ტექნიკური წაგება გამოიტანა და შესაბამისად, „ნიკესა" და „ლანჩხუთს" შორის დაპირისპირებაში, გურულთა სასარგებლოთ 0-3 დაფიქსირდა.
ახლა, მე-12 ტურამდე, ლანჩხუთს 31 ქულა აქვს და ის, კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ნიკე" კი, რომელიც მე-11 ტურამდე, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, 20 ქულით, სატურნირო ცხრილში, მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ გატანილი გოლების წყალობით უსწრებს ხობის „კოლხეთს".
დღეს, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა", საკუთარი გულშემატკივრისთვის, სოციალურ ქსელში, როგორც ჩანს, მაინც გადაწყვიტა, თბილისში, ჩაშლილ მატჩზე კიდევ ერთხელ გაეკეთებინა განმარტება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„3-0 სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ქსკ ლანჩხუთს ნიკესთან მოგება ჩაუთვალა.
ფაქტი | ისევე როგორც სხვა შეხვედრების დროს, წესების სრული შესაბამისობით, ვაპირებდით მატჩის გადაღებას, რაც მასპინძელმა გუნდმა გააპროტესტა და უარი განაცხადა თამაშზე.
შეფასება | ფეხბურთი არ არის მხოლოდ ბურთის გორება, ის ასევე არის მეტოქე გუნდის, საკუთარი ფეხბურთელების და მაყურებლების მიმართ პატივისცემა, რაც ჩვენ სამწუხაროდ იმ დღეს ვერ დავინახეთ.
მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს".

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში, 28 ივნისს, „ნიკე" ქუთაისში, ქალთა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს „მართვეს" დაუპირისპირდება. „ლანჩხუთი" კი, სახლში, „გორი იუნაიტედს" მიიღებს.







ჩვენ








