წიგნი, ერთი პოპულარული გუნდის შესახებ
წიგნი, ერთი პოპულარული გუნდის შესახებ
27.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ბუცები და ტყავის ჩექმა" - ამბავი, თუ როგორ გადაიქცა ერთი „ჩეკისტური"  საფეხბურთო გუნდი, ეროვნულ სიმბოლოდ. სწორედ, ამ წიგნის შესახებ ისაუბრა, 26 ივნისს, ექსპო ჯორჯიაში ავტორმა დავით ჯიშკარიანმა. საქართველოში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის ირგვლივ, ფართო საზოგადოებისთვის ბევრმა ცნობილმა, თუ უცნობმა ფაქტმა, თაობიდან თაობას გადმოცემულმა ამბებმა, პირადმა მიმოწერამ, წლების მანძილზე არქივებში გამოკეტილმა ცნობებმა, ერთ გამოცემაში მოიყარა თავი.


„ეს არის წიგნი, პოლიტიკაზე, საბჭოთა ისტორიაზე, ყოველდღიურობაზე, რომლის ერთი პატარა სეგმენტი იყო ფეხბურთი, არც თუ ისე მარტივ და გასააზრებლად რთულ დროს. თბილისის „დინამო" დაიბადა იმ პერიოდში, როდესაც, საბჭოთა კავშირში ხდებოდა ბევრი რამ. მოდერნიზაცია - პარალელური პროცესი რეპრესიების, ძალადობის, მშენებლობის...", - ამბობს დავით ჯიშკარიანი, წიგნის ავტორი, რომელიც ქართული სპორტის და განსაკუთრებით „დინამო თბილისის" გულშემატკივარს დააინტერესებს.




წიგნის ყიდვა, დღეს, 27 ივნისს, ჯერ კიდევ შესაძლებელია ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, სადაც 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, რიგით 23-ე, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სპორტული თემატიკის წიგნებს შორის კი, ერთ-ერთი საინტერესო თავგადასავალი, სწორედ, გამომცემლობა „პოეზიის" სტენდზე შემოგხვდებათ.


წიგნზე მუშაობისას, ავტორმა ძალიან დიდი შრომა გასწია, რამეთუ საარქივო მასალებში მოგზაურობისას, დავით ჯიშკარიანს, მე-19 საუკუნის ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, „გაგორებული ბურთის" ამბის დეტალურად გაცნობა მოუხდა. შემდეგ იყო 20-იანი წლები და ლავრენტი ბერია, რომლის სახელიც კლუბის ისტორიას უკავშირდება. სწორედ, მის „მარადიულ სიყვარულზე" თბილისის „დინამოს" მიმართ, უღრმავდება ავტორი.




„თბილისის „დინამო" არ არის მხოლოდ შედეგები. არ არის, მხოლოდ, ბურთი, რომელიც გაგორდება მოედანზე. თბილისის „დინამო" არის ინფრასტრუქტურა. აგრეთვე არის, ემოციური ბმა, სპორტის ამ სახეობასთან. რაც გამოიკვეთა კვლევებისას და რის შესახებაც, მე, თავიდან, წარმოდგენაც არ მქონდა, თბილისის „დინამო" არის ერთგვარი წარმოჩინება, საქართველოსი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო მასშტაბზე. ამიტომ, როდესაც გვგქონდა ეს განცდა, რომ რატომ არ თამაშობდა თბილისის „დინამო" ბევრს საზღვარგარეთ, რატომ არ ჰქონდა ბევრი ტურნეები, გარდა, ამ შეზღუდვებისა, აპრიორი და ამოსავალი წერტილი არის - თბილისის „დინამო" შეიქმნა იმისათვის, რომ საკავშირო ჩემპიონატში ეთამაშა. იმისთვის, რომ თავიდან, ბერიას ჰყოლოდა კარგი გუნდი საქართველოს შემადგენლობაში. ამ ძალიან ეკლექტურ და ქაოსურ ტურნირებში, რომლის შესახებაც ბევრს წერენ ქართველი ავტორები, აქ უნდოდა გამარჯვება", - ამბობს ავტორი.


ვიდრე წიგნის დღის შუქს ნახავდა, „დინამოს" ისტორიაში, კიდევ ერთხელ იმოგზაურა სპორტულმა ჟურნალისტმა ილია ბაბუნაშვილმაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ქართული სპორტული მედიიდან ვინც, დავით ჯიშკარიანის წიგნს გაეცნო და შემდეგ რეცენზიაც დაწერა.




„კითხულობ წიგნს და ხედავ, რომ ავტორს დიდი სამუშაო გაუწევია. შეხვედრია, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დინამოელთა და წიგნისთვის მნიშვნელოვან სხვა ადამიანთა შთამომავლებს. დაუმუშავებია ბოლოხანს სამწუხაროდ მივიწყებული წიგნები ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ.  გამოუკვლევია საბჭოთა საქართველოს კომუნისტ ლიდერთა საფეხბურთო ვნებები. დაუსვამს კითხვა, რისთვის სჭირდებოდათ მათ ძლიერი ფეხბურთის გუნდი - ეს მხოლოდ ემოცია იყო თუ უწყებათაშორისი ბრძოლებისა და კრემლისქვეშეთში პოზიციების გასამყარებლად საჭირო სვლები.


და ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ავტორი გვიყვება საინტერესო, ხშირ შემთხვევაში სულისშემძვრელ ისტორიებს. ვიხსენებთ ურთულესი ბედის მქონე კაცს, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავს გიორგი (ფსიშკა) ვაჩნაძეს; დაწვრილებით ვეცნობით ბასკი ფეხბურთელების ჩამოსვლას საბჭოთა კავშირსა და კერძოდ თბილისში; ვიგებთ იმ ფეხბურთელების საოცარ ამბებს, რომლებიც მატჩის შემდეგ გალიფე შარვლებს, ტყავის ჩექმებსა და ქურთუკებს იცვამდნენ და შინსახკომის დავალებებზე დადიოდნენ; შემდეგ, ვიგებთ თავად მათი დაჭერისა და საგანგებო კომიტეტის ჯურღმულებში ურთიერთდაპირისპირების ამბებს; აღმოვაჩენთ მძარცველი ფეხბურთელების უცნობ ისტორიებს და იმას, თუ რა კავშირი აქვს ქართული ტაძრების არქიტექტურას ლავრენტი ბერიას სახელობის „დინამოს" სტადიონთან...", - წერს ბაბუნაშვილი თავის ბლოგში.




ჩვენ კი, გირჩევთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი შეიძინოთ წიგნი, გაეცნოთ, იმ საფეხბურთო კლუბის ისტორიას (1926-1953), რომელმაც ურთულეს დროს გაუძლო და ეროვნული იდენტობის მაგალითი გახდა. ისტორიას, გუნდისას, რომელსაც პერიოდულად ჰქონდა რთული პერიოდებიც, თუმცა, მათ შორის გულშემატკივრის მხარდაჭერით, თანამედროვეობამდე მოვიდა. ისტორია კი, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რომ გაგრძელდეს, სწორედ, ამიტომ გირჩევთ, წიგნის „ბუცები და ტყავის ჩექმა" წაკითხვას.