„დინამო თბილისმა“ ბათუმს ადგილი გაუცვალა
„დინამო თბილისმა“ ბათუმს ადგილი გაუცვალა
27.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში „დინამო თბილისი" მოექცა. საქართველოს ჩემპიონმა, ტრადიციულ და პრინციპულ მეტოქესთან „ტორპედოსთან", ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით, 1-0 იმარჯვა. თუმცა, 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს" ერთი ქულით გადაასწრო.


მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედო", რომელსაც მწვრთნელის რანგში რამდენიმე ტურია კახა ჩხეტიანი დაუბრუნდა და კლუბი აშკარად პროგრესირებს, ჯერ არაა მისთვის ჩვეულ კონდიციაში, ქართული დერბი, მუდამ საინტერესო და დაძაბულია. გამონაკლისი, არც ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრა ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ის მკაცრად, შედეგზე იყო ორიენტირებული და ეს ხაზი, დინამოელებმა მთელს თამაშში გაატარეს. თუმცა, ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს და მხოლოდ, 25-ე წუთზე, გიორგი კუციას მიერ გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით, 0-1 გაიმარჯვეს.   


***


მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა ბათუმის „დინამომ" ქულის გადარჩენა. აჭარული გუნდი, საკუთარ მოედანზე, თითქმის სავსე, სტადიონის წინაშე, იმ „შუქურასთან" მარცხდებოდა, რომელსაც, წინა წრეში 8-1 გადაუარა. ამჯერად კი, ანგარიში 27-ე წუთზე ქობულეთელებმა გახსნეს, გოლი, მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა და მხოლოდ ტაიმის მიწურულს, გიორგი ფანცულაიას, გოლის წყალობით, ბათუმელები, შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავიდნენ. 61-ე წუთზე ქობულეთელებმა დაახლოებით მინდვრის შუაგულიდან დაარტყეს ბათუმელთა კარის მიმართულებით. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ლაზარე კუპატაძეს და ბათუმელთა კარში გავიდა. ავტოგოლი, ბათუმის „დინამოს" მეკარეს ჩაეთვალა. ალბათ, ეს შეხვედრა, ამ ანგარიშით დასრულდებოდა, რომ არა, გიორგი ზარიას შორეული დარტყმა, რამაც ბათუმს ქულა გადაურჩინა, 2-2.


***


მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა საგურამოში. „თელავი", რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის არის, შეხვედრის მე-8 წუთზე დაწინაურდა. გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა. 37-ე წუთზე კი, უკვე მისი გადაცემით, კახელები ზაზა ციცქიშვილმა ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. „ლოკომოტივმა" კახური „შხაპის" შემდეგ, გონზე მოსვლა, მხოლოდ შეხვედრის 50-ე წუთიდან დაიწყო, როდესაც, თეიმურაზ შონიამ, 50-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, „ლოკო" ბოლომდე მაინც ვერ დალაგდა და 83-ე წუთზე, გიორგი მამარდაშვილის კარი, ამჯერად, ირაკლი რუხაძემ აიღო, 1-3. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, ირაკლის სიხარულიძემ, თბილისურ კლუბს ქულის გადარჩენის შანსი მისცა, თუმცა, „ლოკომ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ამ შანსის გამოყენება ვერ შესძლო და აუტსაიდერთან 2-3 დამარცხდა. თავის მხრივ, „თელავმა" ამ მოგებით, საკმაოდ მნიშნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.


***


საჭირო 3 ქულა აიღო ამ ტურში გორის „დილამაც". ანდრეი დემჩენკოს გუნდმა, თორნიკე კაპანაძისა და უსმანე კამარას გოლების წყალობით, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ცეცაძის „სამტრედიას" საფიქრალს კიდევ დაუმატა. სამტრედიელები, მე-16 ტურში, „ტორპედოსთან" აღებული ქულის შემდეგ, ოთხი ტურია მარცხდებიან. ამჯერადაც, იმერულმა კლუბმა, გორელების თამაშის წინააღმდეგ, ვერაფერი განაწყო. 84-ე წუთზე, საკუთარ სტადიონზეც, ერთი პრესტიჟის გოლი (84-ე წუთი, გიორგი ლომიძე) კი გაიტანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, 1-2 წააგო და 19 ტურის შემდეგ, 10 ქულით, ბოლო, მე-10 ადგილზეა.


***


ტურის ბოლო შეხვედრა, წყალტუბოში, 29 ივნისს გაიმართა. „სამგურალი", „საბურთალოს" დაუპირისპირდა. ამ მატჩში, გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ, მე-8 წუთზე, აკაკი შულაიას გოლით, თბილისური კლუბი დაწინაურდა. 28-ე წუთზე კი, სერგო კუხიანიძის გოლის წყალობით, მასპინძლებმა ანგარიშის გაქვითვა შეძლეს. თუმცა, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.


შენიშვნა:  ბოლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გვერდზე დამატებულია 29 ივნისს