ნინო სუთიძე, საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელია
ნინო სუთიძე, საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელია
28.12.2017
ავტორი:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და თურქული „ატაშეჰირ ბელედიესპორის" ცენტრალური მცველი ნინო სუთიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიზე, რომელიც დღეს, 27 დეკემბერს გაიმართა, ქვეყნის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს.

„პირველ რიგში, ჩემთვის პატივია, ვიყო, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. მიხარია, ამდენწლიანი, თავდაუზოგავი შრომა, რომ დამიფასდა. მოკლედ, რომ გითხრათ, ფეხბურთში, არის წამები, რომლისთვისაც სიცოცხლე გინდა და ის, რაც დღეს, ჩემს სპორტულ ცხოვრებაში მოხდა, ამ წამთაგან ერთ-ერთია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას. ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები, მომავალშიც თავი არ დავზოგო, ჩემი ქვეყნის ნაკრებისთვის", - ამბობს ნინო სუთიძე.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი ქალი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 11 წელია ასპარეზობს. ნინომ, ფეხბურთის თამაში, იმ წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოში ქალთა საკლუბო ფეხბურთი, არ იყო განვითარებული. იყო, მხოლოდ, ეროვნული ნაკრები, რომელიც სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტურნირზე კი ასპარეზობდა, თუმცა ევროპის შესარჩევ, 2-წლიან ციკლში, პირველად 2015-2016 წლების სეზონზე იასპარეზა. დიდ საფეხბურთო ოჯახში შესული დებიუტანტი გუნდისთვის, რომელსაც ელემენტარული სავარჯიშო ატრიბუტიკიდან დაწყებული, მოედნით დამთავრებული, პირობა არ ჰქონდა, ნინოს და მისი თანაგუნდელების დამსახურებით, საქართველოში გაიგეს, რომ ქალებიც თამაშობენ ფეხბურთს.

„ნაკრებში 17-ნომრიანი მაისური მაცვია. მიყვარს ეს ციფრი და სიმბოლურია, რომ სწორედ წელს, 2017 წელს გავხდი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი", - ამბობს ნინო.

ახლა, საქართველოში, მეორე წელია ქალთა რეგულალური ჩემპიონატიც ტარდება. თუმცა, წლების მანძილზე, სხვა ქართველი ფეხბურთელი გოგონებისავით, ნინოს, თამაში საზღვარგარეთ უწევდა. თამაშობდა ბელორუსის ეროვნულ ჩემპიონატზე. თუმცა, ძირითადად, წლებია, თურქეთის ქალთა კლუბებში ასპარეზობს. სწორედ, ერთ-ერთ თურქულ კლუბთან „კონაკ ბელედიესპორთან" ერთად, ნინო სუთიძემ, 2013 წელს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო გუნდს შორის, გათამაშების 1/8 ფინალში იასპარეზა.  

ამჟამად, ქართველი ქალი ფეხბურთელი სტამბულის „ატაშეჰირ ბელედიესპორში" თამაშობს. გათამაშებაში, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, ნინოს გუნდი, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. უახლოესი შეხვედრა ქართველ ქალს შაბათს, 30 დეკემბერს აქვს სამსუნში, იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი მცველი თამარ ტატუაშვილი თამაშობს. „შევეცდებით, გასვლითი თამაშიც მოვიგოთ. ჯერჯერობით პირველ ადგიზე ვართ და ჩემპიონობას ვაპირებთ", - ამბობს ნინო სუთიძე.

2017 წლის ბოლო საკლუბო შეხვედრაზე, ნინო სუთიძე, საუკეთესო ქართველი ქალი ფეხბურთელის სტატუსით იასპარეზებს. GFF AWARDS 2017-ზე, წლის საუკეთესოები გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა, საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.