მერვე ადგილი, თუმცა, კარგი გამოცდილებით
მერვე ადგილი, თუმცა, კარგი გამოცდილებით
01.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, დასრულდა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი წყალბურთში, რომელიც 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიურ აუზზე მიმდინარეობდა. ტურნირის გამარჯვებული მონტენეგროს ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში, აშშ-ს ნაკრები 9-8 დაამარცხა. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კი, ამ ჯერზე, მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, მართალია მხოლოდ, ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრა მოიგო იაპონიასთან 13-12, თუმცა, ერთით მეტი ტურნირის გამოცდილება მიიღო.


„საერთო ჯამში, გულწრფელები რომ ვიყოთ, კმაყოფილი არ ვართ. რადგან არ იყო ეს, ჩვენი პროგრამა მინიმუმი. მინიმუმი იყო მე-5 ადგილისთვის თამაში და მაქსიმუმიც იყო საბოლოოდ, მე-5 ადგილი. გუშინდელი მარცხის შემდეგ ყაზახეთთან, როდესაც საქმე პენალტებამდე მივიდა... ასეთი თამაშის შემდეგ, რთული არის მოტივაციის მოძებნა, მაგრამ ამით, თავს ვერ გავიმართლებთ. დღეს, გვმართებდა უკეთ თამაში.  თუმცა, ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ყაზახეთთან თამაში უნდა გამოვიყენოთ, როგორც გამოცდილება და მწარე გაკვეთილი... მეოთხე ტაიმის უკეთესად წარმართვა შეგვეძლო. სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგი გვექნება და ქართულ წყალბურთსაც, უფრო დიდი პროგრესი ექნება", - ამბობს ანდრია ბითაძე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წყალბურთელი.  




საქართველოს ნაკრებმა კი, ტურნირის ბოლო შეხვედრაც, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, წინა დღით გამართული 1/2 ფინალის მსგავსად, მძიმედ დაიწყო.  პირველ პერიოდს 0-3 ვაგებდით და რომ არა მარკო ელაჩას მიერ, პირველი პერიოდის მიწურულს გატანილი გოლი, ამ მონაკვეთს მშრალად წავაგებდით. ანალოგიურად წარიმართა მეორე პერიოდიც და შესაბამისად, ტაიმის მერე ფრანგები 4-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. რა დასამალია და საქართველოს ნაკრებს, აშკარად დაღლა ეტყობოდა და შესაბამისად, ბევრი იყო წვრილმანი შეცდომებიც. ალბათ, ის გარემოება, რომ ბოლო შეხვედრა დიდი ანგარიშით არ წავაგეთ, კონკრეტულად, ჩვენი გუნდის მეკარის ირაკლი რაზმაძის დამსახურებაა. მეორე ტაიმში, სტანიოევიჩის გუნდმა, ოდნავ მოახერხა მდგომარეობის გამოსწორება. მესამე მეოთხედი, 1 ბურთით წააგო, ბოლო კო, რომელშიც ამ მატჩში საქართველოს ნაკრები ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, ფრედ ითამაშა. თუმცა, საბოლოდ, შეხვედრა, 5-10 ( 1-3 / 1-3 / 1-2 /  2-2 ) დავთმეთ.


„კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მივეცით შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს, რადგან ისინი არიან ჩვენი მომავალი. თუმცა, აგრეთვე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიტომ რომ ახალგაზრდებს მივეცით შანსი, ან რამე სხვა პრობლემებია ჩვენში, შედეგი არ იყოს მნიშვნელოვანი. გუშინდელთან (ყაზახეთთან ჩატარებული მატჩი იგულისხმა) დაკავშირებით, გვგქონდა ყველა პირობა, მიგვყავდა ანგარიშში, გვყავდა მთავარი მოთამაშეებიც, მაგრამ ის თამაში წავაგეთ. თუმცა, თუ რამე დადებითია, არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები აჩვენებენ, ხასიათს, ენერგიას და ამ თვალსაზრისით ეს კარგია, რადგან ეს, ნაღდად ჩვენი მომავალია. ამ მხრივ, კარგი ტურნირი გამოვიდა, რადგან დავინახეთ, თუ ვინ როგორ თამაშობს, ვის აქვს თამაშის სურვილი და ვინ არის პერსპექტიული ჩვენი ქვეყნისთვის. სამომავლოდ, ამ ახლაგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ვინც ქვეყნისთვის მზადაა დახარჯოს მთელი გული და ენერგია. მერე შევხედავთ, ხარისხსაც, თუმცა თავდაპირველად, მათი ხასიათი უნდა ჩამოვაყალიბოთ", - ამბობს დეიან სტანიოევიჩი.




ალბათ, მაინც, ჩვენ ნაკრებს მთავარი თამაში ჰქონდა იაპონიასთან. მწვრთნელმაც, ამ თამაშზე გააკეთა აქცენტი, იბრძოლა და შედეგსაც მიაღწია. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსგავსი გუნდებისთვის და აქ, თაობათა ცვლა იგულისხმება, გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, ალბათ, შეუძლებელია ევროპის ძლიერ ნაკრებებთან, თან მიყოლებით, ყველა თამაშში მოგებაზე გააკეთო აქცენტი. ალბათ, ამ ტურნირზე, ერთად-ერთი გულდასაწყვეტი მარცხი, ყაზახეთთან, პენალტების სერიაში წაგებული 1/2 ფინალი  არის, რადგან საქართველოს ნაკრები, მასზე სუსტ გუნდთან დამარცხდა.  


შეგახსენებთ, რომ  ჩვენი წყალბურთელები ჯგუფურ ეტაპზე, თბილისური ტურნირის მომავალ ჩემპიონ მონტენეგროსა და ფინალისტ აშშ-სთან დამარცხდნენ, ხოლო მეოთხედფინალი ბრინჯაოს პრიზიორ საბერძნეთთან დათმეს. საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი ყაზახეთთან, პენალტების სერიაში განიცადა, ხოლო მე-7 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.




„ეს იყო წყალბურთის დიდი ღონისძიება. ჩვენთვის, შესაძლოა არ იყო სათამაშოდ კარგი პერიოდი, რადგან სეზონი დამთავრებულია, ყველა სხვა დანარჩენი გუნდი კი, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. შესაბამისად, საერთო ჯამში, ფიზიკურადაც უკეთეს მზადყოფნაში არიან და უფრო მეტად მოტივირებულები. თუმცა,  კარგია, რომ ჩვენ, დავინახეთ ვინ არის კონცენტრირებული, ფიზიკურად და მენტალურად კარგად და მზად გრძნობს თავს. ტურნირი, მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ იყო ჩამოსული 4 გუნდი, რომელებიც მალე, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის იბრძოლებს,  რა თქმა უნდა სერბეთის, ხორვატიისა და უნგრეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან ერთად.  ეს იყო კარგი ტურნირი წყალბურთის სამყაროსთვის საქართველოს და აქაური მასპინძლობის პრეზენტაციის კუთხითაც", - ამბობს სტანიოევიჩი.


მიუხედავად ამ ანგარიშისა, ალბათ, ჩვენ უფრო სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს აღნიშნულ ტურნირზე და ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბმაც უნდა ეძებოს დადებითი და გზა, თუ მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში ასპარეზობისას მიღებული გამოცდილება, რა მიმართულებით უნდა წარიმართოს.



ტურნირის მესამე ადგილოსანი - საბერძნეთის ნაკრები



მეორე ადგილზე გასული აშშ-ს ნაკრები



ტურნირის გამარჯვებული მონტენეგროს ნაკრები