ბევრი იშრომე და იმუშავე, თორემ მოვალ და მედალს წაგართმევ
ბევრი იშრომე და იმუშავე, თორემ მოვალ და მედალს წაგართმევ
28.12.2017
ავტორი:

ოქროს, ვერცხილისა და ბრინჯაოს მედლები 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს, ეს არის ახალი პრემია, რომლის ნომინამტებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, წლევანდელ დაჯილდოებაზე, GFF AWARDS-ზე პირველად გამოავლინა.  2017 წლიდან 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, „დინამოს" კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ.

„რა თქმა უნდა ალექსანდრე ჩივაძის პრიზის მიღება ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც, ასეთი ადამიანი სახელობის პრემიას იღებ, დიდი პასუხისმგებლობაც გეკისრება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანის იმედი გავამართლო, ვინც შემამჩნია", - ამბობს ლუკა ლაკვეხელიანი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი, რომელსაც დღეს სფფ-ს ახალი ჯილდო, ალ. ჩივაძის პრემია, ოქროს მედალი გადაეცა, 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის.

ლუკას ასაკში, ვერცხლის მედალი ვატო არველაძეს, ბრინჯაო კი გიორგი კოხრეიძეს ერგოთ.  2017 წლის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი 17-წლამდე ფეხბურთელელბს შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ვერცხლის მედლის მფლობელის ზურიკო დავითაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი, გიორგი გულიაშვილმა მიიღო.

„ძალიან დიდი პატივია, რომ დაწესდა ჩემი სახელობის პრემია. 17 და 19 წელი ეს ის ასაკია, სადაც შენ უკვე უნდა იცოდე, რა და როგორ ითამაშო. ბევრი, ვისაც დღეს, ჩემი სახელობითი პრემია გადაეცათ, შეიძლება არ ვიცი, სად თამაშობენ, მაგრამ ახლა, ხომ ვიცი მათი სახელები? წავალ, დავიწყებ მათ თამაშებზე სიარულს და მერე ჩემსას ვიტყვი! ვურჩევ, თუ როგორ უნდა განვითარდეს.  თუ, ამ პრემიას, ისეთ ფეხბურთელს მისცემენ, რომელიც მე არ მომეწონება, მივალ ერთ კვირაში და ვეტყვი, რომ, ჩამაბარე ეგ მედალი უკან, ძალიან გთხოვთქო. ამიტომ, ვისაც დღეს ეს მედლები გადაეცემათ, მომზადებულები უნდა იყვნენ, რომ ვუყურებ და ვაკონტროლებ", - ამბობს, საშა ჩივაძე.

ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბრინჯაოს მედლისთვის 2 000 ლარი, ვერცხლისთვის 3 000 ლარი, ოქროს მედლისთვის კი 5 000 ლარი, იმ ნომინანტების კლუბებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოა, სადაც აღნიშული სპორტსმენები ფეხბურთელებად ჩამოაყალიბეს. 

ლეგენდარულმა საშა ჩივაძემ, თავის მხრივ, ისარგებლა ტრიბუნით და შესაბამის სამსახურებს მიმართა თხოვნით, თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას, ლეგენდარული „დინამოს" ლეგენდარული მწვრთნელის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის სახელი ეწოდოს.