რუსები დანიაში კვალის დატოვებას ვანდალიზმით შეეცადნენ
რუსები დანიაში კვალის დატოვებას ვანდალიზმით შეეცადნენ
03.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევრო 2020-დან გამოვარდნილი რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ევროპის გაოცებას აგრძელებენ. თანაც, რუსული მედია, საკუთარი გუნდის მხარდამჭერების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის შესახებ, ინფორმაციებსაც თავად ავრცელებენ და საქციელს, ვითომდა, მათდამი პროვოკაციის საპასუხო ნაბიჯად ასაღებენ.


ასე, მაგალითად, 21 ივნისს, კოპენჰაგენში, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის, დანიის ნაკრებთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის (1-4) შემდეგ, რუსეთის ნაკრების მხარდამჭერებმა მათი ქვეყნის დროშის ფერებში გადაღებეს უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი. ესეც არ იკმარეს და ძეგლს, შეურაცხმყოფელი წარწერებიც გაუკეთეს.


ვანდალიზმის ფაქტს სოციალურ ქსელებში ევროპული ქვეყნების მომხმარებლები გამოეხმაურნენ: „კიბო სახელად „პუტინი" მოვიდა დანიაში, მაგრამ პოეზია ყოველთვის გაიმარჯვებს", - დატვიტა დანიელმა პოლიტიკურმა აქტივისტმა. „საბედნიერო, ევროზე, რუსებს ვეღარ დავინახავთ", „საძაგლობაა. კარგია, რომ რუსეთმა დანიასთან წააგო" - ასე აფასებდნენ რუსი გულშემატკივრის საქციელს ბელგიელი, ლატვიელი და გერმანელი მომხმარებლები.


ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კოპენჰაგენში, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან, რუსული დროშის ფერები ჩამორეცხეს, წაშალეს ძეგლზე მინაწერებიც და ის პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანეს. თავის მხრივ, დანიაში მყოფმა უკრაინელმა დიპლომატებმა, „აგრესორი-ქვეყნის" დროში ფერებიდან, უკრაინელი პოეტის ძეგლის „განთავისუფლებისთვის" კოპენჰაგენის კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.