
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდამდე, საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ცვლილებები. „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდიდან, ესპანელი მცველის ვიქტორ მონხილსა და სლოვაკი ნახევარმცველის ფილიპ ორშულას წასვლის შესახებ განაცხადა. კლუბის ინფორმაციით, „დინამო თბილისსა" და ფეხბურთელებს შორის ორმხრივად შეწყდა არსებული კონტრაქტი.
ორშულასგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად, „დინამო თბილისის" მეორე გუნდში თამაშობდა, მონხილს, გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის ბოლო ტურის წინ უკვე ჰქონდა მიღებული, თუმცა, სათამაშოდ მაინც გამოვიდა.
„მინდა მივმართო დინამო თბილისის დიდ ოჯახს.
დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.
მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.
გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. დინამოზე უამარვი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.
მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.
იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით - თქვენ ჩემი სახლი ხართ.
დღეს და სამუდამოდ - დინამო თბილისი!" - წერს მონხილი.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, „დინამო თბილისი", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობს. ევროტურნირის წინ, ტრადიციულად, ნებისმიერი კლუბი ცდილობს ამა თუ იმ რგოლის გაძლიერებას. საქართველოს ჩემპიონი კი, მნიშვნელოვანი მატჩების წინ სრულიად განსხვავებული დილემის წინაშე დადგა.
ჩვენი გვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ, ბაქოს „ნეფთჩისან" მატჩამდე, „დინამო თბილისი", გუნდიდან წასულ პოზიციებზე, ორი ლეგიონერის დამატებას გეგმავს. თუმცა, დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.





ჩვენ








