
ხვალიდან, ქართული კლუბები, უფროს ზუსტად, ამ ეტაპზე ერთი კლუბი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იწყებს ასპარეზობას. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", ბაქოს „ნეფთჩის" უმასპინძლებს. კლუბს, რომელსაც 30 წლის წინ, ქართული გუნდი კარგად იცნობდა და ურთიერთშეხვედრებშიც სათავისოდ ჰქონდათ ბალანსი გადაწონილი. თუმცა, ახლა, რა იქნება კაცმა არ იცის. იმ კაცმაც კი, რომელიც წლების წინ, მეზობელი აზერბაიჯანის ჩემპიონატში მონაწილე ერთ-ერთ გუნდს წვრთნიდა და ახლა, რამდენიმე კვირაა საქართველოს ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდის სათავეშია.
„ვერ გეტყვით, წინ თუ უკან წავიდა აზერბაიჯანის ჩემპიონატი. იქ დიდი ხნის წინ ვმუშაობდი და ასე შეფასება, როცა იქ აღარ ვმუშაობ რთულია. ჩემს დროს 5-6 გუნდი იყო ფინანსურად ძალიან ძლიერი და ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. „ნეფთჩი" მაშინაც ძლიერი გუნდი იყო და ახლაც. აბასოვის მისვლით გუნდმა საჩემპიონო პოტენციალი შეიძინა და „ყარაბაღის" ჰეგემონია დაამხო, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი და სერიოზული გუნდია. 6 წელი გავიდა, რაც აზერბაიჯანში ვმუშაობდით და რთულია იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი პლუსია. მას მერე ბევრი დრო გავიდა და ამაზე საუბარი არასერიოზულია", - ამბობს კახა ცხადაძე, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.

ტრადიციულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ცხადაძემ გუნდში მომხდა ცვლილებებზეც ისაუბრა. ახსნა, თუ რატომ დასთანხმდნენ დინამოელთა ესპანელ მცველს, ვიქროტ მონხილს, გუნდთან თანამშრომლობის დასრულებაზე. ახსნა ისიც, რომ ლუკა გაგნიძესა და სხვა ახლაგაზრდა მოთამაშეებს, ხელს არ შეუშლის, უკეთეს ჩემპიონატებში სათამაშოდ გადასვლაში. ისაუბრა, ქართულ ეროვნულ ლიგაზეც და „მთქმელმა გაიგოსო", იმის თაობაზეც, თუ ელიგის ერთი გუნდი, როგორც წავიდა ევროთასებზე მონაწილე სხვა გუნდების თხოვნის საწინააღმდეგოდ.
„ყოველ მეოთხე დღეს ვთამაშობთ და ასეთ გრაფიკში ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებაა შესაძლებელი. ამიტომ, გვინდოდა, რომ ერთი თამაში გადადებულიყო, რომ ვარჯიშისთვის მეტი დრო გვქონოდა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი ვართ გუნდში და დრო საჭიროა, თორემ 4 დღეში ერთხელ თამაში პრობლემა არ არის, საკმარისი დროა აღსადგენად, მაგრამ ვარჯიშისთვის დრო არ გვრჩება. მე შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ის გაგებით მოეკიდა საკითხს, მაგრამ ცხადია, გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა. კლუბებიც თანახმა უნდა ყოფილიყვნენ. „დილა" და „ტორპედო" თანახმა იყვნენ, მაგრამ „დინამო ბათუმმა" უარი განაცხადა. ფაქტია, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ამ პერიოდში „ნეფთჩისაც" ვაკვირდებოდით, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევაში და ძალიან სწრაფები არიან", - ამბობს ცხადაძე.
გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს, რომ ევროტურნირების წინ, „დინამო თბილისი" ხშირად გადაყრია მსგავს პრობლემას, მაგალითად, 2019 წლის სეზონზე, „ლოკომოტივმა" არ გადაუდო „დინამო თბილისს" თამაში, 2020-ში კი, „დინამო თბილისმა" ნაწილობრივი კი მიაღწია საწადელს, როდესაც „ანგისას" ნაცვლად, თამაში, ქუთასში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მაგრამ ბათუმის „დინამომ" თამაშის გადადებაზე იმ წელსაც უარი თქვა. ისე, „დინამო თბილისი" გულშემატკივარს პირადად ჩვენი გვერდის მოსაზრებით, თავად ფედერაციის მხრიდან, ცოტა გაუგებარი იყო, ასეთი მნიშვნელოვანი სასტარტო შეხვედრების წინ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის ჩანიშვნა, სადაც, ორივე გუნდი, „დინამო თბილისიც" და ბათუმის „დინამოც" მოსაგებად გამოვიდოდნენ და ბუნებრივია, ყველა იმ „კარტს გახსნიდნენ", რომელიც შემდგომში ქართულ გუნდებს, ევროტურნირებზე წაადგებოდათ. სხვათა შორის, ფედერაციის მიერ ფორმატ-შეცვლილ გათამაშებაზე ჰკითხეს ცხადაძეს, თუმცა, თბილისელთა მწვრთნელმა დასმულ კითხვას, სხვა კუთხით უპასუხა - ყურადღება გათამაშების კალენდარზე გააკეთა და არა, სისტემაზე, რომელსაც ევროტურნირებისთვის ქართული გუნდები, ტონუსში უნდა ჰყოლოდა.

ბაქოს „ნეფთჩისთან", თბილისელთა ხვალინდელ მეტოქეს, სამირ აბასოვი გამოუძღვება. მწვრთნელი, რომელსაც აზერბაიჯანული გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბისთვის არ არის უცხო. დინამოელთა სამწვრთნელო შტაბი, კარგად იცნობს, „ნეფთჩის" სხვა წარმომადგენლებსაც.
„ნეფთჩის" წარმატებაში სამირ აბასოვის დიდი წვლილია, მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. კოლი „ინტერში" ჩვენ მივიყვანეთ და თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი ფეხბურთელი დადგებოდა. ის ძალიან შრომისმოყვარე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სტანკოვიჩი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, ძალიან გვეხმარებოდა და მასზე კარგის მეტი არაფერი ითქმის. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ხვალ მეტოქეები ვიქნებით და ვეცდებით, რომ ჩვენ მოვიგოთ",- ამბობს ცხადაძე.
მატჩის წინა დღეს (MD1) ორივე გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კარგად იცოდნენ ორივე გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები. ორივე გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ შეეცდებიან, სწორედ ამ მიმართულებით წარმართონ თამაში.
კახა ცხადაძე: „ნეფთჩი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ფაქტია, ძლიერი მეტოქეა, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. პროცენტულად შანსებზე საუბარი არასერიოზულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მეტოქის პლუსები შევზღუდოთ და მათი მინუსებით ვისარგებლოთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".
სამირ აბასოვი: რა თქმა უნდა, ყველა გუნდს აქვს პლუსები და მინუსები. დინამო თბილისს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და მათ სისუსტეებზე მეტად, ძლიერ მხარეებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ მისი გამოყენების საშუალება არ მივცეთ. ჩვენ ვიცით, სუსტი და ძლიერი მხარეებიც, მაგრამ ამაზე ახლა საუბარი კორექტული არ იქნება".
პროტოკოლის მიხედვით პრეს-კონფერენციას მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებიც დაესწრნენ, თუმცა, ასევე ტრადიციულად, მათ არც მედიამ დაუსვა ბევრი კითხვა და თავადაც, მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ.

ვოისლავ სტანკოვიჩი („ნეფთჩის" ფეხბურთელი): „ხვალ ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. „ინტერში" კახა ცხადაძის ფეხბურთელი ვიყავი და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ცხადაძე აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, მაგრამ აქ მოსაგებად ჩამოვედით და ვეცდებით ჩვენს მიზანს მივაღწიოთ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ. სლოვენიაში კარგი შეკრება გავიარეთ, დაცვაში გარკვეული ცვლილებები მოხდა გუნდის გაუმჯობესების მიზნით და ვეცდებით მაღალ დონეზე ვითამაშოთ".
გიორგი პაპავა: "ნეფთჩი, საკმაოდ კარგი გუნდი არის, ვემზადებით. მწვრთნელებისგან ვიღებთ, მოწინააღმდეგეზე მაქსიმალურად ინფორმაციას. როგორც ცალკეულ ფეხბურთელებზე, ასევე გუნდზე. რაც შეეხება შანსებს, მოედანზე გამოჩნდება, კონკრეტულ თამაშში, ვინ უფრო ძლიერი იქნება".

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „დინამო თბილისსა" და ბაქოს „ნეფთჩის" შორის, ხვალ, 7 ივლისს, თბილისის დროით, 20:00 დაიწყება.





ჩვენ








