
რჩეული მედიისა და ოფიციოზის თანდასწრებით, დღეს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს. საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციები, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საერთო ჯამში, 17 სახეობაში, 51 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილები. აქედან, ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარსდგება. რაც შეეხება, პარალიმპიურ თამაშებს, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება, ჩვენები, სპორტის 6 სახეობაში, 16 სპორტსმენით იასპარეზებენ.
ოლიმპიურ პარკში, საქართველოს სპორტსმენთა სახელით, ფიცი, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა, ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, სახელოვანმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დადო. უშუალოდ თამაშებზე კი, საქართველოს დროშას ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე გაიტანენ. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიურ გუნდებს, ორ-ორი მედროშე, ქალი და კაცი ეყოლებათ.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდის მედროშე იქნება პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი.
ტოკიოს თამაშებზე, გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულიანი სპორტსმენია, რომლებსაც ნებისმიერი ყალიბის ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. გარდა მათზე დაკისრებული „განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა", ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, ცნობილი ხდება, რომ ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზად 1 მილიონ ლარს მიიღებს.

სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








