
გუშინ, ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს. გუშინ, ამ გუნდთან ერთად არ იყო ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, რომლისთვისაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები რიგით მე-4 უნდა ყოფილიყო. ტოკიოში, მიდიოდა არა მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, არამედ, საბრძოლო განწყობით და მედლის მოსაგებად. ეს ამბავი იცოდა, სრულიად ქართულმა სპორტულმა სამყარომ, თუმცა, ბევრი არ დაინტერესებულა, რატომ არ იყო ლუბა, ქართველ ოლიმპიელებს შორის. ჩვენი გვერდი, ლუბასთან, სისტემატურად იყო კავშირზე და 27 ივნისს ველოდებოდით, როდესაც გოლოვინასთვის ლიცენზიის მინიჭება ოფიციალურად უნდა გაცხადებულიყო. თუმცა, 27 ივნისმაც ჩაირა და ერთ-ერთი ასეთი მორიგი კავშირის დროს, გავარკვიეთ, რომ ლუბას ლიცენზია, მარტივად - წაართვეს.
ყველას და მათ შორის შენ უპირველესად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გქონდა მოლოდინი, რომ ლიზენცია მოპოვებული იყო და მხოლოდ, ფორმალობა იყო დარჩენილი. რა მოხდა?
მადლობა, რომ ჩემი სიტუაციით დაინტერესდით. სამწუხაროა, რომ ასე უწყვეტენ სპორტსმენს ცხოვრებას. შევეცდები აგიხსნათ, რა მოხდა. ოფიციალურად, წესებში წერია, რომ ოლიმპიური ლიცენზიის მიღება შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მონაწილე ერთი ქვეყნის ერთ სპორტსმენს. იმავე წესებში, აღნიშნულია, რომ ორი ლიცენზირებული სპორტსმენის შემთხვევაში, მეორე - მსოფლიო თასის ეტაპებზე დაგროვებული ქულების მიხედვით ვლინდება. მხოლოდ 4 ქვეყანას ჰქონდა ამის უფლება. ამიტომ, კანადელს, ლიცენზიაზე ბრძოლაში, არ ვთვლიდი მეტოქედ. ბოლო შეჯიბრშიც კი, მსოფლიო თასზე, კანადელი არ მონაწილეობდა. მას არც ქულებით ეკუთვნოდა ლიცენზია. საბოლოოდ რის მიხედვით აიღო, ვერ გეტყვით. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმაც, ჩემპიონატის დასრულების შემდე მითხრეს, რომ ყველა კანონით მე, ოლიმპიადის ლიცენზია მქონდა და მხოლოდ, ამ ფაქტის ოფიციალურად აღიარებას უნდა დავლოდებოდი.
რომელი შეჯიბრი იყო სადაც ბოლოს იასპარეზე და მე არ მახსოვს, როგორ იასპარეზე, ვის გადაასწარი და იყო თუ არა იქ ის სპორტსმენი, ვისაც რეალურად შეხვდა შენი ლიცენზია?
მსოფლიო თასის ეტაპებზე ქულები არ მქონდა, რადგან ოპერაციის გამო, გამოვტოვე შეჯიბრები. ველოდებოდით, ლიცენზიანტთა ოფიციალურ სიას, როდესაც დამირეკეს და ასეთი ამბავი მითხრეს. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან მთელი წელიწადნახევარი ვიყავი მობილიზებული და ვემზადებოდი ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. ამ ამბის გაგების შემდეგ, ყველანაირი ძალა გამომეცალა. ეს იყო დიდი სტრესი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან შორიდან უნდა ვუყურო ოლიმპიადას.
ვიცით, რომ კანადელმა საქმეში ადვოკატები ჩართო. ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება იყო ამ ყველაფერზე?
კანადის ფედერაციამ, როგორც მოგვიანებით გავიგეთ საქმეში იურისტები და ადვოკატები ჩართეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. საქართველოს მხარემ მიწერა წერილი შესაბამის სტრუქტურას რის საფუძველზე მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. პასუხად იყო - ეს საკითხი აღარ განიხილება!
ეს ერთი წელი შენ აგრძელებდი მზადებას თუ არა?
რა თქმა უნდა ეს დრო, ინტენსიურად ვემზადებოდი. ვიყავი, ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან კარგ ფორმაში ვიასპარეზეთ. გუნდურ გამოსვლაში, ცოტა დაგვაკლდა საპრიზო ადგილს და მე-4 ადგილზე გავედით. რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, როგორც შეჯიბრის დასრულების შემდეგ მეტოქეებმა მითხრეს, მედალი უფრო მე მეკუთვნოდა. ალბათ, შეჯიბრამდე, ცოტა უფრო მეტი დრო, რომ მქონოდა, უფრო კარგ ფორმაში ვიქნებოდი.
ახლა რას აპირებ?
ამხელა სტრესის შემდეგ, მომიწია დარბაზში მისვლა, რადგან შეჯიბრამდე, 4 დღე იყო დარჩენილი. გავემგზავრე მსოფლიო თასზე, სადაც ორივე კოჭზე სერიოზული ტრავმა მივიღე. დაზიანებული მაქვს იოგები. ვიწყებ მკურნალობას და შემდგომ, გადავლახავ ამ სიტუაციას. ეს თვე ჩემთვის არ იქნება ადვილი. შემდეგ, დავიწყებ ისევ ვარჯიშს და მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რადგან ჩემი სიტყვა უნდა ვთქვა. ოლიმპიური ლიცენზიის ჩამორთმევა, არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ახლა, მეტს ვიმუშავებ ყველა დეტალზე, რომ არავის არ შეეპაროს ეჭვი და პრეტენზია ჰქონდეს.

დღეს, ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს ტელეეკრანიდან დააკვირდება. დააკვირდება კონკურენტებსაც და თავად მომავალი ტურნირებისთვის გააგრძელებს მზადებას. „როდესაც FIG-ის წარმომადგენლები, ვინც გეუბნება, ვიცოდით, რომ ლიცენზია შენი იყოო, ახლა იძახიან, რომ ვერ აქვთ გაგებული სპორტსმენმა რა დააშავაო. ლაპარაკი ძალიან მიჭირს ამ თემაზე. ოლიმპიადიას კი გამოვტოვებ, მაგრამ წინ მაქვს ევროპის ჩემპიონატი, მერე ევროპის ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო თასი და პარიზის ოლიმპიური თამაშები", - ამბობს ლუბა, რომელიც დიდი გულისტკივილის მიღმა, ცდილობს განწყობაც შეინარჩუნოს და ფორმაც, მომდევნო შეჯიბრებისთვის.





ჩვენ








