
რამდენიმე წუთის წინ, ბაქოში, „ბაქსელ არენაზე", საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა", ბაქოს „ნეფთჩისთან" მეორე შეხვედრა წააგო. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდიც იმავე შედეგით დასრულდა, 2-1, როგორც თბილისში. ისევე, როგორც თბილისში, ახლაც დინამოელთა კარში, ერთი გოლი პენალტით გავიდა, მეორე ბავშვური შეცდომით... შესაბამისად, ამ ბავშვურმა და ჩვენის აზრით უპატიებელმა შეცდომებმა „დინამო თბილისი" ლიგის გათამაშებიდან გამოაგდო.
„ოთხი გოლიდან სამს პრაქტიკულად საკუთარ კარში რომ გაიტან, რა თქმა უნდა, ძნელია. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება და აუცილებლად დაისჯები. „ნეფთჩის" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაღალი დონის შემსრულებლები და ვულოცავ გამარჯვებს. სამწუხაროა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დინამო თბილისმა" ამ ორ თამაშში ძალიან კარგი თამაში აჩვენა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ასეთ შეცდომებს არავინ გაპატიებს. სახლის ორივე გოლი და დღეს პირველი გოლი ჩვენი შეცდომებით გავიდა. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, ვინც ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ის იმარჯვებს. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ჩვენ ყველა დავმარცხდით „ნეფთჩისთან", - ამბობს ცხადაძე მატჩის შემდეგ.

არადა, თბილისელებმა, მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწეს. ბაქოელებს, დაღლაც ემჩნეოდათ. „დინამომ" პირველი გოლიც გაიტანა - მილან რადინმა მესამე დამატებული დარტყმით ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. თუმცა, მანამდე ჯერ ლევან ხარაბაძის დარტყმული ხარიხას შიგნიდან მოხვდა (კარის უკან ვიდექი და მომენტს კარგად ვხედავდი) და კუციას დამატებლიც, კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანეს, თუმცა ამ მომენტისთვის გვერდითა მსაჯი, რომელსაც VAR-ის არსებობამდე, სწორედ ამ მოვლენის გაკონტროლება ევალებოდა, კუთხურის ალამთან საკმაოდ გვიან მოვიდა. ბუნებრივია, ახლა, ამ მომენტზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, ისევე, როგორც დინამოელთა სასარგებლოდ, არდანიშნულ 11-მეტრიანს. ალბათ, ისევე როგორც, ბენისო მიერ გატანილი გოლის მომენტში, ბენიო იყო თამაშგარეში, თუ პასიურში პაპავა... ფაქტია, რომ 51-ე წუთზე ჩასახული იმედი, რამდენიმე წუთში განიავდა.
„დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებას, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა და ახლა, 22 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე" კონფერენს ლიგის გათამაშების ე.წ „ჩემპიონთა გზაზე" ჰაიფას „მაქაბის" დაუპირისპირდება.







ჩვენ








