„ბაია“ მალე - პარასპორტის სამსახურში!
„ბაია“ მალე - პარასპორტის სამსახურში!
16.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს პარასპორტის ასოციაციის წარმომადგენლები, ამ დღეებში, ქვეყნის დასავლეთ სტუმრობენ და ბავშვთა პარასპორტის შესახებ საინფორმაციო კამპანიას აწაროებენ. ვიზიტის ფარგლებში, ასოციაციის დელეგაციამ ზუგდიდის საფეხბურთო ბაზა „ბაიაც" მოინახულა.


„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრის, ვინაიდან პირველად მოვისმინე სრული მზადყოფნა, ყოველგვარი დაფიქრებისა და სამომავლო გადადების გარეშე, როდესაც ადამიანები სრულიად პირდაპირ გვპირდებიან და დარწმუნებული ვარ, შეასრულებენ, რომ უსასყიდლოდ გადმოგვცემენ სპორტულ ბაზებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცეთ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ სპორტში. სხვადასხვა სახეობებია შემოთავაზები. რაც ყველაზე კარგია, ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ბევრი სახეობა ერთად არის თავმოყრილი. დიდ მადლობას ვუხდი ბაზა "ბაიას" და პირადად, ზვიად სიჭინავას, ვინაიდან, ასეთი მყისიერი პასუხი, რომ ყველაფრისთვის გახსნილები არიან და სრულად გადმოგვცემენ სარგებლობაში და მენეჯმენტში, ეს არის უნიკალური მიღწევა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით", - ამბობს ხათუნა საგანელიძე, ასოციაციის პრეზიდენტი.


საფეხბურთო კომპლექსი, რომელშიც არის საცურაო, ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, სატრენაჟორო და კიდევ, სხვადასხვა ტიპის დარბაზები, სადაც შეიძლება  მშვილდოსნობისთვის დაიგეგმოს სავარჯიშო სივრცე,  მზად არის პარასპორტში საერთაშორისო ბანაკებსა და ფესტივალებს უმასპინძლოს. „ბაიას" ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა, აქ ერთდროულად 100-ზე მეტი ბავშვი განთავსდეს.


„ბაიას" მფლობელმა, სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავა, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად, ასოციაციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თუმცა, ერთ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადრება - ზუგდიდში, სხვადასხვა სპორტული მიმართულებით ბავშვებთან მომუშავე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობოაა.




"მე ვთქვი და გავიმეორებ, მზად ვართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენს ტექნიკურ ბაზას გადავცემთ ბავშვთა პარასპორტის ასოციაციას, თავად განკარგონ, რა და როგორ გააკეთონ. ახლა, რაც გაგვაჩნია, ეს არის საფეხბურთო მოედნები, საცურაო აუზი, მაგიდის ჩოგბურთისთვის სჭირდებათ გარკვეული მოცულობები და ეს ყველაფერი ბაზას გააჩნია. სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და ამას სრულიად უანგაროდ გადავცემთ ბავშვთა პარასპორტის ასოციაციას, რაღაცით მაინც რომ დავეხმაროთ ჩვენს ქალაქში შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს", - ამბობს ზვიად სიჭინავამ.


ზვიად სიჭინავა, საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციას, ზუგდიდში, ბავშვთა პარასპორტის განვითარებისთვის, "ბაიას" ბაზას  სრულიად უანგაროდ გადასცემს. ამ ეტაპზე, კონკრეტული დოკუმენტაცია არ გაფორმებულა, თუმცა, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და დანარჩენი კი, დროის ამბავი.