ცვლილებები ოლიმპიურ პროტოკოში
ცვლილებები ოლიმპიურ პროტოკოში
17.07.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელში - ოლიმპიური ფიცის დადებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, მასში ხაზგასმული იქნება სოლიდარობის გამოხატულების მნიშვნელობა, ყურადღება დაეთმობა თანასწორობის საკითხს და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოხატვის დაუშვებლობას.


გარდა ამისა, ტოკიოში ფიცს დადებს ორი-ორი სხვადასხვა სქესის ათლეტი, მწვრთნელი და მსაჯი.


ამგვარი წამოწყების მიზანია ოლიმპიური თამაშების გენდერულად დაბალანსება. ეს მხოლოდ ერთ-ერთია IOC-ის და ტოკიო-2020-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც მიმართულია სპორტში ქალის მნიშვნელობის ასამაღლებლად, როგორც ამას მოითხოვს ოლიმპიური ქარტია.


ფიცის ახალი ფორმულირებები IOC-ის ათლეტთა კომისიის მიერ ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესიის საფუძველზეა მომზადებული და ამგვარად ჟღერს: „პირობას ვდებთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მივიღოთ ურთიერთპატივისცემის და წესების დაცვით, სამართლიანი თამაშების, ინკლუზიურობის და თანასწორობის იდეით  განმსჭვალულებმა. სოლიდარულები ვართ და ვალდებულებას ვიღებთ დავკავდეთ სპორტით დოპინგის, თაღლითობის თუ რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი გუნდების ღირსებისთვის, ოლიმპიზმის ფუნდამენტური პრინციპებისადმი პატივისცემით და იმისთვის, რომ სპორტის მეშვეობით სამყარო უკეთესი გავხადოთ."


IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ტოკიოს თამაშების გახსნაზე ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი მედროშით  - ქალით და კაცით.


თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ფიცი გაისმა ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ყველა ოლიმპიელის სახელით ფიცი დადო ბელგიელმა წყალბურთელმა ვიქტორ ბუინმა.


ოლიმპიური ფიცის ტექსტი დაწერა ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა.



ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს დაჯილდოების ცერემონიაზე ერთგვარი თვითმომსახურება ელით - ლანგარზე დადებულ მედლებს დამოუკიდებლად აიღებენ და კისერზე ჩამოიკიდებენ.


პროცედურებში ცვლილებების შეტანა ანტიკორონავირუსული ზომებით არის განპირობებული. ამავე რეგულაციების თანახმად, IOC-ის წევრები და საპატიო სტუმრები, დაჯილდოების ცერემონიაზე, დეზინფიცირებული ხელთათმანებით წარდგებიან.


გარდა ამისა, ცერემონიის ყველა მონაწილე, მათ შორის მედალოსნები ვალდებულნი იქნებიან პირბადე გაიკეთონ.


მედლები, რომლებსაც ტოკიოს გმირები მიიღებენ, გადამუშავებული მასალებისგან არის დამზადებული. იაპონიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყო გამოუყენებელი ელექტრო ტექნიკის შეგროვების პროგრამა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიდგა მობილური ტელეფონების, სათამაშო კონსოლების, პლანშეტების თუ ნოუთბუქების ჩასაბარებელი პუნქტები. შეგროვდა დაახლოებით 80 ტონამდე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ძველი გაჯეტებიდან ამოიღეს ძვირფასი ლითონები - 30 კილოგრამზე მეტი ოქრო, ასევე რამდენიმე ტონა ვერცხლი და ბრინჯაო.