ქართული დელეგაცია ნელ-ნელა ტოკიოში იყრის თავს
ქართული დელეგაცია ნელ-ნელა ტოკიოში იყრის თავს
17.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ჯგუფი, ამ წუთებში, იაპონიის დედაქალაქში ეშვება. ქართველთა მგზავრობის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.


ტოკიოს 2020-ის თამაშებში საქართველო 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ჩვენები, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მედლების მოპოვებას 11 სახეობაში შეეცდებიან.


ქართული დელეგაციის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სოციალურმა ქსელმა ჩვენი გუნდის ასპარეზობების განრიგი გამოაქვეყნა. აქვე გეტყვით, რომ ცნობარში, დრო იაპონიის დროით არის მოცემული და შესაბამისად, მასზე, თბილისის დროით 5 საათის გამოკლება გვიწევს. შესაბამისად, პირველი ქართველი ოლიმპიელი, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ასპარეზობას 24 ივლისს, თბილისის დროით დილის 04:30 წუთიდან დაიწყებს.


24 ივლისსავე, ოლიმპიურ მარათონში ჩაერთვებიან ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი, თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილი.


იხილეთ სრული ცნობარი


სეოკ-ის ცნობით, აღნიშნულ განრიგში შესაძლოა მოხდეს ცვლილებები, რის შესახებაც გზადაგზა მოგვაწვდიან ინფორმაციას. ქართველთაგან, ტოკიოს ოლიმპიურ ასპარეზზე კი, ბოლო მონაწილეები 7 აგვისტოს იასპარეზებენ.


შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს ნაკრების მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.