
ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინას შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მეორეა, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაუგებრობის გამო დაკარგა. ჩოგბურთელმა, „წართმეული ლიცენზიის" შინაარსის განცხადება საკმაოდ კორექტულ ფორმაში, საკუთარ სოციალურ ქსელში გააკეთა. დღეს კი, ოქსანას განცხადებას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გამოეხმაურა.
„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.
მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია , რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოქსანა წყვილთა თანრიგში ასპარეზობს, ტრადიციულად, უცხოელ მეწყვილეებთან ერთად. ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დისციპლინაში კი, წყვილში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობენ. შესაბამისად, არაკოვიდური გათვლებით, ოქსანას მეწყვილე, რეიტინგის 100-ეულში უნდა ყოფილიყო. თუმცა, მაშინ, როდესაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ბევრი სპორტსმენი გამოეთიშა ასპარეზობას და საჩოგბურთო ტურნირს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ე.წ. „ნედაბორი" აქვს, ამოქმედდა სათადარიგო სიები, რომელთა მიხედვითაც ქალთა შორის საქართველოს წარმომადგენელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ეკუთვნოდა. აქვე გეტყვით, რომ წვყვილთა შორის წყვილის თითოეული წევრის რეიტინგებიდან საშუალო მაჩვენებელი ითვლება და ამ მიმართულებითაც, საქართველოსთვის, ორ ქვეყანას, რომლებიც ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, ქართულს უნდა გადაესწრო.
აღნიშნულის ირგვლივ, ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, თუმცა, ისევე, როგორც ლუბა გოლოვინას გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის პირველი ჯგუფები, უკვე ტოკიოში იმყოფებიან. ქართველთაგან კი, ერთ ერთი პირველი სახეობა, რომელიც 24 ივლისს დაიწყებს ასპარეზობას, სწორედ, ჩოგბურთია, რომელსაც ტოკიოში, ეულად, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმოადგენს.
ასევე იხილეთ სტატია: წართმეული ლიცენზია და ოლიმპიადა, რომელსაც ტელევიზორიდან უნდა უყუროს





ჩვენ








