5 დღე ოლიმპიურ თამაშებამდე
5 დღე ოლიმპიურ თამაშებამდე
18.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ტოკიოში კი, სადაც COVID 19-ის გამო განსაკუთრებულად გამკაცრებული ვითარებაა, თამაშებში მონაწილე სულ უფრო მეტი და მეტი ათლეტი ჩადის. ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი, სისტემატურად აახლებს ინფორმაციას თამაშებში ჩართულ ინფიცირებულ პირებზე. აღნიშნული სტატიის წერის მომენტში, კორონა ვირუსი 55 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, 3 ათლეტია, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და თამაშების რეზიდენტი, თუ არა-რეზიდენტი კონტრაქტორები. კოვიდ-დადებითი ყველა პირი, ოლიმპიური თამაშების რეგულაციების შესაბამისად, 14-დღიან კარანტინში არიან გადაყვანილები.


ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, სადაც 21 მაღალსართულიანი კორპუსია აშენებული თამაშების დღეებში 18000-ზე მეტ ათლეტსა და თამაშებში მონაწილე დელეგაციების ოფიციალურ პირებს უმასპინძლებს. უკვე მესამე დღეა, ამ ტერიტორიაზე ოფიციალურად შეუდგა სამუშაოს საქართველოს ოფიციალური მისიაც. COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიურ სოფელში მყოფი აკრედიტებულ პირთათვის, სავალდებულოა დაწესებულ რეგლამენტში შესული ყველა მოთხოვნის გათვალისწინება. მათ შორის, გახსნისა და დახურვის ცერემონიებში მონაწილეობის, ოლიმპიურ სოფელში შესვლისა და გამგზავრების საკითხების დაცვაც. ქართული დელეგაცია, ნომერ მეორე კორპუსში, სადაც მათ მთლიანად დაეთმობა მეშვიდე სართული, ოლიმპიური მისიის მთავარი ოფისი და სამედიცინო ცენტრი კი, ამავე შენობაში, მეორე სართულზე განთავსდება.


„ეს არის უპრეცენდენტო ოლიმპიური თამაშები, რომელიც პანდემიის პირობებში ტარდება და, შესაბამისად, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ფაქტობრივად, ეს არის დახურული, უმაყურებლო თამაშები. თუმცა, თავად შეჯიბრების წესებში ბევრი არაფერი შეცვლილა, სპორტსმენისთვის კი, რა თქმა უნდა, მთავარ ამოცანად რჩება ოლიმპიურ სარბიელზე გასვლა და წარმატების მოპოვება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული დიდი სპორტული ასპარეზობის წინ, ყველა რესურსის სრული მობილიზება და კონცენტრირება, მთავარი მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ლიცენზიანტ  სპორტსმენებს  საამისო პირობები შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ წარმატების მოპოვებაში", - ქართული ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის ასეთი შინაარსის კომენტარს აქვეყნებს სეოკ-ის ოფიციალური გვერდი. ბერიშვილის განმარტებით, ტოკიოში ყოფნისას სპორტსმენებს და დელეგაციის სხვა წევრებს მოუწევთ მკაცრი რეგულაციების დაცვა, მათ შორის -  პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ყოველდღიური კოვიდ-ტესტის ჩაბარება. იკრძალება ოლიმპიური სოფლის ტერიტორიიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სპორტსმენი სავარჯიშოდ ან შეჯიბრებაზე მიემგზავრება.


კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშებზე, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, სხვა თამაშებზე ჩაწერილი ხმებს გამოიყენებენ. ოლიმპიადის ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ ხერხით ცარიელი ტრიბუნების სპორტსმენებისთვის სავსე ტრიბუნის ეფექტს შექმნიან.  თამაშების დროს გამოიყენებენ სპეციალურ აპლიკაციას, რაც ქვეყნების მიხედვით, ტელემაყურებელთა რიცხვს დათვლის. კიდევ ერთ სიახლე, რაც სპორტსმენებს წაადგებათ, „6 წამიანი სელფი" და ე.წ. „ვირტუალური ტაში" არის, რომელიც თამაშების დროს დიდ ეკრანზე გადაიცემა. TSFF.Ge იმედს იტოვებს, რომ არა კოვიდის გამო, თუმცა, სპორტულ ასპარეზობების დროს ტრიბუნიდან ქომაგობას გადაჩვეული ქართველები, ასე მაინც „გამოიჩენენ" თავს და შორეულ იაპონიაში, ჩვენს სპორტსმენებს გაამხნევებენ.


ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, 23 ივლისს, თბილისის დროით, 15:00 დაიწყება.


***


აქვე გთავაზობთ დროის დროში სხვაობის ამსახველ გვერდს, რათა, ქართველთა გამოსვლებზე არ დაგვაგვიანდეს და ზედმეტ მათემატიკაში ვარჯიშიდანაც თავი ავიცილოთ.



ფოტო: @Tokyo2020