
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის, 2017 წელს დაგეგმილი ბოლო 2 შეხვედრა, 30 დეკემბერს გაიმართა. მანამდე, წლის საკალათბურთო კვირის კიდევ რამდენიმე მატჩი ჩატარდა. 24 დეკემბერს, რუსთავში, „ქუთაისი" დიდი ანგარიშით 100-84 დამარცხდა „რუსთავთან". 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა ამ მატჩიდან 4 დღის შემდეგ, ქუთაისში, სადაც უკვე „ქუთაისმა" 103-93 „კაკტუსს" მოუგო. 29 დეკემბერს, „ბათუმმა" სახლში, „მგზავრების" დამარცხება 78-70 მოახერხა. წლის ბოლო მატჩები კი, თბილისში ჩატარდა.
***
ოლიმპიურ სასახლეში, 30 დეკემბერს პირველი, „მარნეულის დელტა" და „ოლიმპი" წარსდგნენ. მიმდინარე ჩემპიონატში, მარნეულელებს, რომლებიც ამავდროულად, გათამაშების დებიუტანტები არიან, მეტწილად არ უმართლებთ. თუმცა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან „ოლიმპთან", მათ დღეს, მონახეს ძალები და თამაშის გადარჩენა მოახერხეს.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს იმ თავდადებისთვის, რომელიც დღეს გამოიჩინეს. დღეს დაგვიბრუნდა თამაშს მოწყურებული არტიომ შვეცი, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ მოგება", - ამბობს, თემურ კანკია, „მარნეული დელტას" მთავარი მწვრთნელი.
არტიომ შვეცმა ამ დღეს, 17 ქულა მოაგროვა. 17 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა „მარნეული დელტას" კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ტაილერ ალდერმანმა, ხოლო ნიკოლას ნილის ანგარიშზე 19 ქულა და 8 გადაცემა დაგროვდა.
ამ სტატისტიკის მიუხედავად, თამაშის დაწყებიდან მოვლენები, უფრო, „ოლიმპის" სასიკეთოდ ვითარდებოდა. პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე, მერაბ ბოქოლიშვილისა და გივი ბაქრაძის ზუსტი თამაშის შემდეგ, „ოლიმპმა" მარნეულელებთან 7-ქულიანი უპირატესობის მოპოვება შესძლო 20-27. მეორე მეოთხედის დასაწყისში, „მარნეულმა" მოახერხა, 7-ქულიანი სხვაობის შემცირება. დროის ამ მონაკვეთში, „ოლიმპმა" მოხლოდ, ერთი, ხოლო „მარნეული დელტამ", 8 ქულის მოგროვება შესძლო და ანგარიში გაათანაბრა კიდეც 28-28. თუმცა, ამ მეოთხედში, მარნეულელებმა მეტი ვეღარ მოახერხეს. „ოლიმპი" კი, კვლავ შეეცადა სათამაშო უპირატესობის შენარჩუნებას. მეორე მეოთხედი „მარნეული დელტამ" მოიგო 27-22, თუმცა, ტაიმი თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა 47-49.
„წავაგეთ იმიტომ, რომ მეტოქეს 96 ქულის ჩაგდების საშუალება მივეცით, ეს არის და ეს", - მოკლე და კონკრეტული იყო თამაშს დასრულების შემდეგ, „ოლიმპის" უკრაინელი მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ ივატინი.
„ოლიმპმა", მესამე მეოთხედის მოგება კი შეძლო 18-21 და ბოლო მეოთხედის წინ 5-ქულიანი უპირატესობით შეისვენა. თუმცა, ბოლო მეოთხედში, თბილისელთა რიგებში, იმატა შეცდომებმა და გადამწყვეტი პერიოდის დასაწყისში მოპოვებული 9 ქულიანი უპირატესობა, „ოლიმპმა", სულ ორიოდე წუთში გაანიავა. მატჩის დასრულებამდე 4:32 წუთით ადრე, „მარნეული დელტა", შეხვედრაში, პირველად დაწინაურდა 82-80. ქვემოქართლის გუნდს წაუვიდა 3 ქულიანი სროლებიც, „ოლიმპს" კი პირიქით, ხელი მოეცარა. დარჩენილ დროში, „ოლიმპმა" მხოლოდ 7 ქულის დაგროვება მოახერხა. მარნეულელებს კი სამნიშნა ანგარიშამდე 4 ქულა დააკლდათ. მეოთხედი „მარნეული დელტამ" 31-17, ხოლო თამაში ანგარიშთ 96-87 მოიგო (იხ. სტატისტიკა).
"ოლიმპში" 20 ქულითა და 11 მოხსნით მარკ ოგდენი გამოირჩა, 15 ქულა შესძინა გუნდს, მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელსაც, მატჩის მანძილზე, ივატინმა, მხოლოდ 4:19 წუთი მისცა დასვენების საშუალება.
***
2017 წელი თბილისის „დინამომ" პირველ ადგილზე დაასრულა. გათამაშების აუტსაიდერთან, „სოხუმთან" მოგებული მატჩის შემდეგ, „დინამომ", 11 თამაშიდან, 10 გამარჯვებით 21 ქულა დააგროვა და ასეთივე, ქულების მეორეადგილოსან „ქუთაისის", ნაკლები თამაშის ხარჯზე გადაუსწრო.
„სოხუმთან" შეხვედრაში, „დინამო", ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, გუნდის ლიდერის მიხეილ ბერიშვილის გარეშე დარჩენილ თბილისელებს, ტრავმების შემდეგ დაბრუნებულ ნოდო გოგოძესა და ლევან გრძელიძისთან ერთად დასაწყისში ოდნავ მაინც გაუჭირდათ. ყველასთვის მოულოდნელად, პირველი მეოთხედი, მიხეილ კობეშავიძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 17-19 დასრულდა.

„სამი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ, თუ დაცვას არ გამოვასწორებთ, სერიოზული პრობლემები გვექნება, ამიტომ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით", - ამბობს მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.
მეორე მეოთხედის დაწყებაც „დინამოს" მდევრის როლში მოუხდა. ქვეყნის ჩემპიონი ერთ მომენტში 9 ქულასაც კი აგებდა 21-30. თუმცა, ამ მომენტის შემდეგ, „დინამომ" მოახერხა მობილიზება და 13 ქულის მოგროვება შესძლო, მაშინ როცა, „სოხუმმა", მხოლოდ 2 ქულა შემატა ნადავლს, 33-32. დინამოელთა შორის ლიდერობა, გუნდის კაპიტანმა, ილია ლონდრაიძემ ითავა, რომელსაც მხარი, გიორგი შარაბიძემ და შემდეგ, ნოდო გოგოძემაც აუბეს. მეორე მეოთხედი უკვე „დინამომ" მოიგო 28-22, ტაიმი კი 45-41 თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა.
„2017 წლის ბოლო თამაში იყო. მინდა, შობა-ახალი წელი მივულოცო სუპერლიგას, კალათბურთელებს, მთლიანად საქართველოს. მოვიგეთ, მაგრამ უმჯობესია, უკეთესად გვეთამაშა. როგორც იცით, იმედების წელია ახალი წელი და ჩვენც იმედი გვაქვს, გამოვასწორებთ თამაშს, შევივსებით. მოგეხსენებათ, დღეს ვიყავით 9 მოთამაშით, თუმცა ვფიქრობთ, მომავალ წელს ამგვარი პრობლემები აღარ შეგვექმნებ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.
დარჩენილი 2 მეოთხედი, „დინამომ" ერთნაირი ანგარიშით" 18-14 მოიგო. ჩემპიონმა, „სოხუმს" კი მიუთითა ადგილი, თუმცა, მესამე მეოთხედში, "სოხუმი" 1-ქულიან ზღვარზე რამდენჯერმე მაინც მიუახლოვდა „დინამოს". ბოლო, დასკვნით მეოთხედში, კი დინამოელებმა 15 ქულამდე გაზარდეს სხვაობა და ეს ბალანსი, თითქმის მატჩის საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს. საბოლოოდ, თამაში, „დინამოს" გამარჯვებით, 81-69 დასრულდა (იხ. სტატისტიკა).
დინამოელთა" შორის ყველაზე მეტი 21 ქულა, ნოდო გოგოძემ დააგროვა. 14 ქულა გიორგი შარაბიძის, ხოლო 13 ილია ლონდარიძის სათვალავშია. სოხუმელთა შორის ყველაზე შედეგიანი, კვან უოლერი იყო, რომელმაც გუნდს 13 ქულა შესძინა.
***
საქართველოს სუპერლიგაზე თამაშები 2018 წლის 6 იანვრიდან განახლდება. საახალწლო შესვენების შემდეგ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ამ დღეს, 14:00 „ოლიმპი"-„ბათუმს" , 16:00 „სოხუმი"-„ქუთაისს" შეხვდება. მომდევნო მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 8 იანვარს ჩატარდება. 16:00 „მგზავრები" - „დინამოს", ხოლო 18:00 „კაკტუსი"-„რუსთავს" დაუპირისპირდება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








