
ტოკიო აეროპორტში, თითქმის 5-საათიანი ყურყუტის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელში დაბინავდნენ. სეოკ-ის გვერდზე, ჩვენი დელეგაციის შეყოვნება, ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაზე და ორგანიზატორებზე დაყრდნობით, აეროპორტის მგზავრთა ნაკადის გადატვირთულობით და აქედან გამომდინარე, აეროპორტიდან ოლიმპიურ სოფლამდე ტრანსპორტის შეფერხებული მუშაობით ახსნეს.
სხვათა შორის, ის რომ ოლიმპიადის დღეებში, ტოკიოში ტრანსპორტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებდა, ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გვერდი, თითქმის ყოველდღიურად, ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციების ჩასვლამდე იტყობინებოდა. შესაბამისად, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, თუკი, ქართველი ოლიმპიელების დასახვედრად ტოკიოში წინასწარ ჩასული მისიის წარმომადგენლები, საორგანიზაციო კომიტეტთან პოსტ-ფაქტუმ არ დაიწყებდა „თემების გავლას". ასეა თუ ისე, კარგია, რომ პრობლემა მოგვარდა და ქართული დელეგაციის წევრები, ძიუდოისტები, ძალოსნები, ტყვიის მსროლელები, მოკრივეები, აგრეთვე სამედიცინო პერსონალი, რომელმაც გუნდის გამართული მუშაობა, მთელი თავისი კოვიდ-ტესტებიანად უნდა უზრუნველყოს, ბოლოს და ბოლოს დაბინავდნენ ოლიმპიურ სოფელში, ქართული გუნდისთვის განკუთვნილი მე-2 კორპუსის მე-7 სართულზე და ნელ-ნელა, გეგმის მიხედვით იწყებენ ქმედებებს. ნელ-ნელა, რადგან ამავე, სეოკ-ის ინფორმაციით, 5-საათიანი დაგვიანების გამო, გადაიდო ჩვენი ნაკრები გუნდის (ძალოსნების) დილის ვარჯიშები.
უპრობლემოდ დაბინავდა ოლიმპიურ სოფელში და ფრანგ მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშსაც შეუდგა მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ტოკიოში დამოუკიდებლად, საფრანგეთიდან ჩაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს, თბილისის დროით, 15:00 დაიწყება.
ქართველ ოლიმპიელთა გამოსვლების სავარაუდო (დრო შესაძლოა შეიცვალოს) განრიგი
აქვე გთავაზობთ დროის დროში სხვაობის ამსახველ გვერდს.
#ოლიმპიურიდროით
ფოტო: სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








