ბასილა ესპანელთან მატჩით იწყებს
ბასილა ესპანელთან მატჩით იწყებს
22.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 24 ივლისიდან აიღებს სტარტს საჩოგბურთო ტურნირიც, რომელშიც გაუგებრობის გამო, მხოლოდ ერთი ქართველი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენლის, ოქსანა კალაშნიკოვას შესახებ, დიდი ალბათობით, კითხვებს, საბოლოო პასუხები, ოლიმპიური თამაშების დასრულების და ქართული დელეგაციის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა. მანამდე კი, გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა.


პირველ რაუნდში, ქართველი, ATP რეიტინგის 90-ე ჩოგანს,  ესპანელ კარბალიეს ბაენა, რობერტოს შეხვდება. არიაკე ტენის პარკში, მატჩი, ადგილობრივი (ოლიმპიური თამაშების) დროით, 11:00 დაიწყება და მე-4 კორტზე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს, ორჯერ (2015 და 2018 წლებში) შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში, ქართველმა გაიმარჯვა.


გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო წრეში, ბასილაშვილი, ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. თუ, ცოტა უფრო შორს წავალთ, არაა გამორიცხული, რომ მესამე ეტაპზე, ქართველის მოწინააღმდეგე, ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ნომრად განთესილი  ალექსანდრე ზვერევი იყოს.



მასალა მომზადებულია @olympics.com-ის მიხედვით

ფოტო: @ATP