იმედი - საპასუხო მატჩი
იმედი - საპასუხო მატჩი
22.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, ერთ-ერთ პირველ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ უნდა მორჩეს ის დრო, როდესაც ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. თუმცა, ბოლოს სამ თამაშში, თბილისელთა თავკაცს, სწორედ, ამ რიტორიკით უწევს საუბარი და საამისო საბაბიც აქვს.


როგორ ჩანს, ბაქოს „ნეფთჩისთან" ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში განცდილი მარცხით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხისგან, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „დინამო თბილისი" ჯერ კიდევ არ არის გამოსული. ამის მანიშნებელი, არა მხოლოდ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინა და მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციებისას გამოთქმული შეფასებებია, არამედ ისიც, რომ გუნდმა, ჰაიფას „მაქაბისთან", მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა თამაშში „დაბრუნება" და ეს, პირველი ტაიმის სტარტზევე გაშვებული სწრაფი გოლის ბრალი სულაც არ იყო.




„ნეფთჩის" ან „მაკაბის" ჩვენთვის გუნდური თამაშით არ უჯობნია, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ ოსტატობას, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა ჩვენს კართან და სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ როდესაც მაღალი მიზნები ისახება, „დინამო თბილისში" უკეთესი კონტიგენტი უნდა იყოს მომზადებული. ძალიან ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ და ეს ცხადია, ინდივიდუალური ოსტატობა არის, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს აკლიათ. როდესაც გუნდს მაღალი მიზნები აქვს, საჭიროა უფრო მაღალი დონის ოსტატები. ეს არის ერთადერთი პრობლემა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ თამაშებს ვაგებთ, დაცვაში მსგავსი უხეში შეცდომებით. თავიდანვე გვქონდა მომენტი და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ.", - ამბობს კახი ცხადაძე მატჩის დასრულების შემდეგ.


კონტინგენტის პრობლემა კი, დინამოელებს, განსაკუთრებით, მას შემდეგ დაუდგათ, რაც ქვეყნის ჩემპიონი, უშუალოდ ევროტურნირების დაწყებამდე, გუნდის ძირითადი შემადგენლობის ორმა მოთამაშემ, ვიქტორ მოხილმა და ლუკა გაგნიძემ დატოვეს. თუ არ ჩავთვლით ეროვნული ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის 3 შეხვედრას, რასაც „ნეფთჩისთან" ჩაგდებული კიდევ ორი მატჩიც დაემატა, გუნდი, „დინამო თბილისის" ყოფილმა მეკარემ დატოვა, რომელიც ამ ეტაპისთვის ჯერ არაოფიციალურად ქუთასის „ტორპედოში" ბრუნდება. ასევე, არაოფიციალურად, „დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც „ტორპედოში" დაბრუნდა (ამ ეტაპზე ინფორმაციას, ოფიციალურად არც ერთი კლუბი არ ადასტურებს), თბილისელთაგან, მისივე მოყვანილ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს „ტორპედოში" უხმო. შესაბამისად, ვხედავთ ამას თუ არა, ვაღიარებთ ამას თუ არა, გუნდში, ევროტურნირების წინ, ხელოვნურად, დაძაბულობა არის. ეს, დაძაბულობა კი, ძალაუნებურად თამაშზე გადადის და მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძე, ყველანაირად ცდილობს ეს ვითარება შეცვალოს, საერთო ჯამში, თამაშში მაინც აისახება.




„აქ, მთავარი ფსიქოლოგიაც არის, ადამიანს თავისი თავის უნდა სჯეროდეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ბევრი საშუალება იყო იმის, რომ უფრო მომენტი შეგვექმნა. არის გამოუცდელობის პრობლემაც ახალგაზრდებში, მაგრამ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები მყავს მხედველობაში, როდესაც ფსიქოლოგიურ შიშზე ვლაპარაკობ. თუნდაც, „ნეფთჩისთან" რამდენჯერ შევედით საჯარიმოში, მაგრამ ბოლო ფაზას თუ ვერ გამოიყენებ, თამაში როგორ უნდა მოიგო? არ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომები, როგორ გოლებსაც ჩვენ ვუშვებთ, ხან ფეხი გვიცდება, ხან - ბურთს ფეხს ვაცილებთ. რანაირად, როცა ამხელა სამუშაოს ვასრულებთ. ვქმნით მომენტებს, მაგრამ მას ხომ გამოყენება უნდა, ცივსისხლიანობა საჭიროა, 16 მეტრიდან ცივი გონებით უნდა შეასრულო მომენტი. იყო ეპიზოდი, როცა 10-მეტრიანი პასიც ვერ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ვერ მოგვყავს ფეხბურთელები, თუ ისინი თავისუფალი აგენტები არ არიან. ვფიქრობ, რომ გუნდური თამაშიდან გამომდინარე წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და რატომ უნდა ვაგინებინო ვინმეს თავი? საერთოდ არაფერში არ მჭირდება. აქ მოვედით სუფთა გულით, ისეთ პირობებზე მოვედი აქ, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ არ ეყოს", - ამბობს კახა ცხადაძე.  


როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დინამო თბილისმა" მეორე ტაიმში, თამაშის ხარისხი შედარებით გამოასწორა. ცალკე აღნიშვნის ღირსია, დინამოელთა გამოცდილი მეკარე, ომარ მიგინეიშვილი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მეორე წელია არ უწევს თამაში, პირველივე „გამოცდაზე" 3-4 „სუფთა გოლი" „გამოაძრო" კარიდან. თბილისელებმა, საპასუხო მატჩის წინ, იმედი მაინც დაიტოვეს და ეს მატჩის მიწურულს, ევროთასებზე დინამოელთაგან სტაბილურად მოასპარეზე ბენიოს მორიგ აქტიურობას მოჰყვა, რომელიც გიორგი პაპავას მიერ გატანილი გოლით დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა, კონფერენს ლიგის სადებიუტო მატჩი, ჰაიფას „მაქაბისთან" 1-2 წააგო და ახლა, ან „ნავსი" ანგარიშის გატეხვა, 29 ივლისს, ისრაელში, დაახლოებით 20-25 ათასი მაყურებლის თვალწინ მოუწევს. მანამდე კი, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო არენაზე" მოსული, ე.წ. გულშემატკივრის საქციელს გამოეხმაურა.




„მე არ მაქვს იმ ხალხზე საუბარი, რომლებიც 20 ლარის გულისთვის მოდიან და იგინებიან, ესენი ხომ არახალხი არიან და საქართველოში, საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენ. უბრალოდ, ობიექტური ხომ უნდა იყო? ცუდად მოვამზადე გუნდი? გვაჯობეს გუნდურად? თუ არ ჩავთვლით იმათ 3-4 ფეხბურთელს, რომლებიც ინდივიდუალურად გამოირჩევიან, რით გვაჯობეს? ჩვენ თუ გვინდა მაღალი მიზნების მიღწევა, ყველაფერი შერწყმული უნდა იყოს.


"დინამო თბილისი" უნდა იყოს გამორჩეული გუნდი, კომპლექსური ნაბიჯები თუ არ გადაიდგმება, მაშინ ერთმანეთს ნერვები რატომ უნდა ვუშალოთ? მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელსაც, საქართველოსთვის მიმუშავია და ვიღაცამ რატომ უნდა მაგინოს? ცოტა ობიექტური ხომ უნდა იყო. ძალიან დიდი ბოდიში, ეს ემოციებია. ძალიან გული მწყდება, ნამდვილ გულშემატკივარს, ბოდიშს ვუხდი. ჯანსაღი კრიტიკა სხვა არის, დამიჯდეს, მაგრამ როგორ უნდა დამიჯდეს... რაზე უნდა მელაპარაკოს? სიმართლეს შევხედოთ, ისრაელის ჩემპიონმა, მხოლოდ ინდივიდუალურად გვაჯობა. თუ, ვინმე სხვა რამეს დამიმტკიცებს, კარგი... ყველა ნამდვილ გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი", - ამბობს ცხადაძე.




სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, TSFF.GE „დინამო თბილისის" ყოფილ ფეხბურთელსა და ელიგის 2019 წლის სეზონის ბომბარდირს, ლევან კუტალიას დაუკავშირდა, რომელიც მეორე წელია ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობს და ჰაიფას „მაქაბის" კარში, 3 გოლიც აქვს გატანილი. მატჩის კომენტარისას, ქართველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დინამოელთა მოწინააღმდეგეს, სუსტი დაცვის ხაზი ჰყავს და ეს, დღევანდელ თამაშშიც გამოჩნდა. შესაბამისად, ცხადაძის გუნდს, ეს რგოლი, ჭკვიანურად აქვს გამოსაყენებელი. რა იქნება და როგორ მოახერხებს „დინამო თბილისი" თავისი ახალგაზრდული ბირთვით, საპასუხო მატჩი თავის გამოჩენას, ეს 29 ივლისს გამოჩნდება. ერთი ცხადია, რომ გუნდი, რომელმაც სტუმრად თამაშისას უხეშობით დაგვამახსოვრა (4 ყვითელი ბარათი უჩვენეს, საიდანაც ერთ-ერთი სტუმარი, უბრალოდ დაინდეს) თავი, უნდა ველოდოთ, რომ საკუთარ კედლებში, უფრო „შორსაც" წავა.




მატჩის სრული ალბომი