
თბილისის დროით 15:00 დღეს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიადის უმაყურებლო, მაგრამ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს გუნდი 81-ე ნომრად გამოვიდა. სულ, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, გაერთიანებული ერების მიერ აღიარებული 195 ქვეყნის და კიდევ 11 დამოუკიდებელი სუბიექტის, 11091 ათლეტი, სპორტის 33 სახეობაში გამოავლენს გამარჯვებულს. გათამაშდება მედლების 339 კომპლექტი.
თამაშებზე საქართველო 34 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. მათგან პირველნი ხანგრძლივ მარათონში, 24 ივლისს, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი, თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილი ჩაერთვებიან.

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე კი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო გაჯერებული და ოლიმპიური ცეცხლის დანთების პერიოდში უფრო დაიტვირთა ემოციურად, საქართველოს დელეგაცია, 15 ადამიანით, მათ შორის, 9 სპორტსმენით წარსდგა. საქართველოს, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ორი მედროშე ჰყავდა. ჩვენებმა ეს მისია, ცნობილ და მოქმედ ლეგენდარულ სპორტსმენებს, ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ანდეს.
ტრადიციულად, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ოლიმპიელთა ვიზუალზეც მსჯელობენ ხოლმე. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი დელეგაცია, გემოვნებიანი ქვეყნების 20-ულშიც (რაზეც ყოველდღიურ ყოფაში პრეტენზია გვაქვს) ვერ მოხვდებოდა. ალბათ, სამომავლოდ, ერთხელ და სამუდამოდ, ოლიმპიური კომიტეტი ამ კუთხით, უფრო კომპეტენტურ სეგმენტს მიანდობს საქმეს.

ამჯერად კი, TSFF.GE-ს სუბიექტური მოსაზრებით, ყველაზე წარმოსადეგად, თუ არ ჩავთვლით სოცქსელებში გავრცელებულ ყაბალახიან ნიკოლოზ ბასილაშვილს, ესტონეთის, სერბეთის, ჩეხეთის, ესპანეთის, დანიის, გერმანიისა და აშშ გუნდებს გამოვარჩევდით, სადაც და იდენტურობასთან ასოცირებული, მარტივი დიზაინით შექმნილი კოსტიუმების მხრივ. თუმცა, ბუნებრივია, რომ ვიზუალი მეორადია და ახლა, მთავარია, ჩვენებურები რაც შეიძლება მეტჯერ მოხვდნენ კვარცხლბეკზე და რაც შეიძლება მეტჯერ, ტოკიოს ოლიმპიურ დარბაზებში, აჟღერდეს საქართველოს ჰიმნი.
და აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური ცეცხლი, მსოფლიოს ნომერმა მეორე ჩოგანმა ოსაკა ნაომიმ დაანთ.


სპორტის სამინისტროს ფოტო - საქართველოს დელეგაცია თამაშების გახსნის ცერემონიაზე
სხვა ფოტოები: @Tokyo2020





ჩვენ








