ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები - სრული სვლით...
ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები - სრული სვლით...
23.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 24 ივლისიდან, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სტარტს აიღებს ძიუდოისტთა ტურნირი. ქართველები მედლების მოპოვებას 9 წონით კატეგორიაში (7 მამაკაცებში და 2 ქალები) შეეცდებიან. ქართველთაგან პირველი ტატამზე, -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა და ის, ასპარეზობაში, მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი, შეგახსენებთ, რომ  ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული იქნება.


„კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. უკეთესს ალბათ ვერც ვისურვებდი. გუნდი გადის აკლიმატიზაციის პროცესს, ბიჭები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. დღეს, მაგალითად, გუნდის ნაწილი დავასვენეთ. მთავარია ძიუდოისტებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი დასძლიოს. ოლიმპიადაზეც იგივე ხალხი ასპარეზობს ვისაც სხვა შეჯიბრებებიდან კარგად იცნობენ, არაფერი თვისობრივად აქ არ იცვლება, უბრალოდ შეჯიბრს აქვს მაღალი სტატუსი. ამ კონკურენციაში თითოეულ მათგანს უასპარეზია წარმატებით და გამხდარა არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადაზეც ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - ამბობს ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ნაკრები, ტოკიოში ჩასვლის შემდეგ, მწვრთნელთა მიერ შედენილი გრაფიკით, კუდოკანის დარბაზში ვარჯიშობს. დღეს, ჩვენმა გუნდმა, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მწვრთნელთა შტაბის გადაწვეტილებით დღეს, აღნიშნულ დარბაზში, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) ივარჯიშეს. ნაკრების სხვა წევრებმა კი, დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. ძიუდოისტები ოლიმპიური თამაშებისთვის მწვრთნელთა შტაბის მიერ შედგენილი სპეციალური გეგმით ემზადებიან.




„კენჭისყრის შედეგები გარკვეულწილად ვიცოდით რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და დიდად არც გაგკვირვებია. ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ მაშინ მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის.  საერთოდ კი ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები გვყავს, რომელიც ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული აბსოლუტურად ყველა წონაში და, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და არამარტო ძიუდოისტებს. ხვალ იწყებს ასპარეზობას სანდრო ბაზაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბევრი სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ", - ამბობს, ვარლამ ლიპარტელიანი.


ასპარეზობისას წაადგება თუ ხელს შეუშლის, ამ ეტაპზე ნაადრევია ლაპარაკი, თუმცა, ტოკიოში, კუდოკანის დარბაზში, საქართველოს ნაკრების ვარჯიშებს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებმა მიადევნა თვალი, მათ შორის ესპანეთის ნაკრებმაც, რომლის ქართველმა წევრმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, ყოფილს თანამემამულეებს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილის წონით კატეგორიაში, -90კგ-ში, საქართველოს ლაშა ბექაური წარმოადგენს, რომლიც ტრავმის შემდეგ ტატამზე პირველად, სწორედ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა.


სპორტის სამინისტროს ფოტო