
ცოტა ემოცია, უფრო მეტი სიზუსტე და ძლიერი სიცხის მიუხედავად, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ქართველმა 1/32 ფინალიდან დაიწყო და ATP რეიტინგის 90-ე ჩოგანი, ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა 6-3, 6-2 დაამარცხა.
ბასილაშვილმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაწიყო და პირველ სეტში ანგარიშში 5-1 მიჰყავდა, თუმცა, აქ, თავს ოდნავ მოდუნების უფლება მისცა და ესპანელმაც, ორი გეიმის მოგება მოახერხა. ამ მცირე შეფერხების შემდეგ, „ბასილამ" სეტის მოგება მოახერხა, 6-3.
უფრო მშვიდად და დამაჯერებლად ჩაატარა ქართველმა მეორე სეტი, რომელიც ესპანელის მოწოდებით და ბასილაშვილის გამარჯვებით დაიწყო. ამ სეტში, ბასილაშვილმა 4-2-ზე ბაენას კიდევ ერთი მოწოდება მოიგო და ამის შემდეგ, მატჩის მოგება აღარ გასჭირვებია.
ბასილაშვილის პირველი მატჩი, 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ქართველს პირველი სეტის მოსაგებად, 35, ხოლო მეორესათვის 38 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ესპანელს მესამე დაპირისპირება მოუგო.
ახლა, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16-ფინალში, ოლიმპიურ თამაშებზე მე-13 ნომრად განთესილ, იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება, რომელმაც მოდევნო ეტაპზე გასასვლელად, მასპინძელ ტარო დანიელისს სამ სეტსი (6-4, 6(6)-7, 6(3)-7) 3 საათიან და 8 წუთიან დაპირისპირებაში მოუგო.
ბუნებრივია, მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, მაგრამ 1/16 ფინალის დაძლევის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ 1/8 ფინალში, ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე ალესანდრე ზვერევს დაუპირისპირდეს.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








