
ქართველი ძიუდოისტებისთვის ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშები უიღბლოდ დაიწყო. -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი, ასპარეზობას რეპეშაჟიდან გამოეთიშა. თუმცა, ქართველს, ამ ბრძოლის წინ, ¼ ფინალში, საკმაოდ რთული და უიღბლო დაპირისპირების „გადატანა" მოუხდა მასპინძელ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან, რომლის სასარგებლოდაც ე.წ. „გოლდენ სქორში", მსაჯებმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს. ქართველს, მესამე გაფრთხილება დამატებითი დროის 3:37-ე წუთზე მისცეს.
ბუნებრივია, რომ მსაჯების ეს გადაწყვეტილება, ლუხუმ ჩხვიმიანსთვის ფსიქოლოგიური ზეწოლის ტოლფასი იყო. მითუმეტეს, რომ სპორსტმენს ოლიმპიური ციკლისთვის მზადების პროცესში, სერიოზული ტრავმის მკურნალობაც დასჭირდა და რა დასამალია, რეპეშაჟის დროს მას გარკვეული დისკომფორტიც დაეტყო. ბრინჯაოს მედლისთვის გადასასვლელ ორთაბრძოლაში, სამწუხაროდ, ქართველი კორეელ კიმ ვონ ჩინთან, „გოლდენ სქორში" იპონით დამარცხდა.
აქვე გეტყით, რომ ჩხვიმიანი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში, აზერბაიჯანელი ყარამან ჰუსეინოვი დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში სხავდასხვა ქვეყნის სახელით კიდევ სამი ქართველი ასპარეზობდა. საბოლოოდ ორმა (ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუამ და 1/2 ფინალში დამარცხებულმა, საფრანგეთის დელეგაციის წევრმა ლუკა მხეიძემ) ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. საბოლოოდ კი, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ლუკა მხეიძე აღმოჩნდა. ოლიმპიური ოქრო კი, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს ერგო.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით, ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი, 12:00 საათზე დაიწყება.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








