ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიური მედალი პარიზისთვის გადადო
ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიური მედალი პარიზისთვის გადადო
27.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს 2020-ის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საასპარეზო დღე, ქართველი ძიუდოისტებისთვის ხელმოცარული აღმოჩნდა. -81კგ წონით კატეგორიაში,  ტატო გრიგალაშვილი, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და საქართველოს ნაკრებსაც, ახალგაზრდა ძიუდოისტზე მედალი გათვლილი ჰქონდა. მიუხედავად, იმისა, რომ საქართველოს ძიუდო ფედერაციის წარმომადგენლებმა, TSFF.GE-სთან საუბარში, მსაჯთა მხრიდან, რაიმე სახის მანიპულირება გამორიცხეს, ფაქტია, რომ 1/4 ფინალში, ჩვენებური „დაჩაგრეს".  საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც, ოლიმპიური თამაშების ოფიციალური მაუწყებელია, მოგვიანებით, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი იტყვი, რომ:


„სამწუხაროდ, დღეს მედლის მოპოვება ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, გრიგალაშვილი ლიდერი და მედლის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო. მისგან უმაღლესი სინჯის მედალი იგეგმებოდა, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია და გამოცდილება დაგვაკლდა. ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც ჰქვია - არ ვიცოდი, როგორ მოგვეგო ოლიმპიური თამაშები. ისწავლის, დიდი გამოცდილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია. იმედგაცრუებული ვარ. იყო გამოუცდელობა, ფსიქოლოგიური წნეხი და სამწუხაროდ, აქედან გამოსვლა ვერ შევძელით".


ტოკიოს თამაშებზე, ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა, კარგად დაიწყო. სხვა  ქართველი ძიუდოისტების მსგავსად, გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და  ტაჯიკი აკმალ მურადოვი დაამარცხა. ამის შემდეგ, ტატომ კორეელი სუნგო ლი იპონით დაამარცხა. 1/4 ფინალში კი, გამონღოლებულ ირანელს, მოლაის დაეჯახა. შეხვედრაში ტატო დაწინაურდა ვაზარით, მალევე ვაზარითვე უპასუხა მოლაიმ. მომდევნო ილეთის დროს, რუსმა მსაჯმა არა, მაგრამ დანარჩენებმა მოლაის, საკმაოდ საეჭვო და საკამათო გამარჯვების ქულები მიაკუთვნეს.




ამის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა რეპეშაჟიდან, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. სადაც, ქართველმა, უზბეკი ბოტაბოევი დაამარცხა და ოლიმპიური მედლისთვის ბელგიელი მატიას კასეს დაუპირისპირდა. უშუალოდ მედლისთვის ბრძოლაში, ტატო აქტიურობდა, თუმცა, მოგვიანებით თავისივე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და ბრძოლა დათმო. ქართველმა, თავის პირველ ოლიმპიადაზე მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.


შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციას, ძიუდოისტებმა ჯერჯერობით მხოლოდ, ორი ვერცხლის მედალი (ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა) მოუპოვეს.


-81კგ წონით კატეგორიაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული წინა დღეების მსგავსად თამაშების ჩემპიონობა იაპონელმა ძიუდოისტმა, ტაკანორი ნაგასემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში, მოლაი დაამარცხა. კასეს გარდა კი, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილმა მოიგო.


ხვალ, 28 ივლისს, -90კგ კატეგორიაში B ჯგუფში ლაშა ბექაური დაიწყებს და მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერას შეხვდება.




სპორტის სამინისტროს ფოტოები