ვინ იყიდის ბათუმის „დინამოს“?
ვინ იყიდის ბათუმის „დინამოს“?
04.01.2018
ავტორი:

ბათუმის „დინამო", სავარაუდოდ, 10 იანვარს აუქციონზე გაიყიდება. მას შემდეგ, რაც ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების დაფინასება „ფეხბურთის განვითარების ფონდის" იურისდიქციაში მოექცა, ბათუმის მერიას, რომელიც წლებია აჭარულ საფეხბურთო კლუბს აფინანსებდა ეს მოვალეობა გაუნახევრდა. მერიაში ბათუმური „დინამოს" გაყიდვის საკითხს, არ უარყოფენ, თუმცა, ოფიციალურად არც ადასტურებენ.

ფაქტია, რომ გუნდს, რომელმაც ეროვნული ლიგიდან, ქვედა ლიგაში გადაინაცვლა, ფეხბურთელები ტოვებენ. 2017 წლის მიწურულს  ბათუმის „დინამო" დავით კვირკველიამ, ანზორ სუხიაშვილმა და ოთარ მარცვალაძემ დატოვეს ოფიციალურად. არის საუბარი, რომ მომავალი სეზონიდან ბათუმელებს სათავეში გამოცდილი გია გეგუჩაძე ჩაუდგება. თუმცა, მანამდე, ბათუმელთათვის აქტუალური კვლავ კლუბის მფლობელის საკითხი რჩება.

ბათუმის „დინამოს" დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის, კლუბის გაყიდვა მისაღებია. მათი აზრით, კლუბს, რომელსაც გააჩნია საკუთარი ბაზა და სტადიონის აშენების პერსპექტივა, აქვს ბავშვთა სკოლა, ქალთა გუნდი და ისტორია, ნებისმიერი ინვესტორისთვის მისაღებია. ამას გარდა, ბათუმის „დინამოს" განვითარებისთვის, კერძო ინვესტორი, უფრო მეტ სარგებლობას მოიტანს, ვიდრე სახელმწიფო, საიდანაც ნებისმიერი ინვესტიცია, მთელი რიგი ჩინოვნიკური ბარიერების გადალახვასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს" გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა. მაშინ კლუბით უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის „კარპატის" ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი იყო დაინტერესებული, რომლის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა, მაშინ კლუბი არ გაყიდულა. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კლუბის მომავალ მფლობელებთან მოლაპარაკებებს, სწორედ, ბათუმის მერია აწარმოებს, თუმცა, თუ ვინ არიან აუქციონში პოტენციური მონაწილენი, არ სახელდება.

საფეხბურთო კლუბი „დინამო" ბათუმი 1923 წელს შეიქმნა. ის, რომ ტრადიციული ქართული საფეხბურთო კლუბის ასაღორძინებლად, სოლიდური ინვესტიცია არის ჩასადები, აჭარაში იციან. იციან ისიც, რომ კლუბი, რამდენიმე ჩემპიონატია საფეხბურთო სტადიონის გარეშეა დარჩენილი. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ბათუმის „დინამოს" ცენტრალური სტადიოზე, სადაც ბათუმის გუნდის საშინაო თამაშები იმართებოდა, თავდაპირველად 180000 მაყურებელს იტევდა. 2002 წელს. ჯერ ტრიბუნის 2/3 დაანგრიეს (ფან-ტრიბუნა ჯუნგლების ნაცვლად დაიდგა დიდი საკონცერტო სცენა). შემდეგ, კი სტადიონი იტევდა 4,400 მაყურებელს იტევდა, 2006 წელს გაიყიდა და დაინგრა.

ბათუმის „დინამოს" გულშემატკივართა დიდი ნაწილი, გუნდის „დაულაგებლობას", სწორედ, ამ მოვლენებს აბრალებს. ასეა თუ ისე, ზუსტად ერთი წლის წინ, ბათუმის „დინამოს" ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძვლი. ამ მომენტისთვის მთავარი, ხელოვნურსაფარიანი მოედნის გასწვრივ, გამართულია ტრიბუნაც, რომელიც 1600 მაყურებელს იტევს.  ამას გარდა, ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება.

ახალი სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაპროექტებული და გათვლილია 20000 მაყურებელზე. შესაბამისად არის დაპროექტებულია სათამაშო მოედნის სადრენაჟო სისტემები  და სანიაღვრე ქსელები. სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ღია პარკინგი, სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. მაყურებელთა გადაადგილება მოხდება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით. სტადიონის რკინაბეტონის მზიდი სრულ კარკასიანი სისტემა შედგება მარტივი, ღეროვანი და ბრტყელი ფირფიტოვანი კონსტრუქციული ელემენტებისგან.

ბათუმში, ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი" ასრულებს, 2020 წელს დასრულდება. თუმცა აჭარლებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი კლუბი, ეროვნული ლიგის გათამაშებას უფრო ადრე დაუბრუნდება. ახლა, ბათუმელების საფიქარალი ის არის, როდის, ან საერთოდ გაიყიდება თუ არა ბათუმის „დინამო" და კარზე მომდგარი ახალი ჩემპიონატის წინ, როგორ დაკომპლექტება ამბიციური ისტორიის მქონე გუნდი, რომელიც 2017 წელს უეფას ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაოზე თამაშობდა.