ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!!!
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!!!
28.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კარიერის მანძილე, 15 ფინალიდან, მე-14 გამარჯვება, თანაც ბოლო, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია 21 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის, რამეთუ ლაშა ბექაურმა პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, ბევრისთვის მიუღწეველი ოცნება აისრულა.


ქართველმა ძიუდოისტმა, -90კგ წონით კატეგორიაში,  ასპარეზობა დღეს დილით, დაახლოებით 7-ის ნახევრისთვის დაიწყო და უკვე მე-20 წამზე ვაზარით დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში, მას, პოლონელი პიოტრ კუჩერას ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებია და მოწინააღმდეგე, სუფთა გამარჯვებით, მალევე დაამარცხა.


მომდევნო შეხვედრა, ბექაურმა, ისრაელის წარმომადგენელთან ლი კოჩმანთან გამართა და აქაც სუფთა გამარჯვებით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი აქტიურობდა, პირველი ვაზარი, სწორედ მან გაუშვა, თუმცა, შემდეგ, კოჩმანი ორი ვაზარით დაამარცხა.


დაძაბული გამოდგა, 1/4 ფინალიც. აქ, ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, უბზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდა. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა ბექაური გამოდგა ის ქართველი სპორტსმენი, რომლის სასარგებლოდაც, რიგორც იქნა, მსაჯებმა გადაწყვეტილება მიიღეს და უზბეკი, შეხვედრიდან მოხსნეს.




1/2 ფინალში კი, ბექაური რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა, ერთი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იყო.  თავიდან ვაზარი და შემდეგ შიდო, ეს იყო მაჩვენებელი, ტაბლოზე, რომელიც ქართველს ბრძოლის დაწყებიდან 3:40 წუთიდან უნდა შეენარჩუნებინა, რაც ლაშამ მოახერხა და კარიერაში პირველად ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.  


***


აქვე გეტყვით, რომ -90 კგ წონით კატეგორიაში, გამარჯვებით დაიწყო ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშები, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილმა. მან მონღოლი მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა. თუმცა, 1/4 ფინალში, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წარმომადგენელთან, სწორედ მასთან, რომელიც მოგვიანებით ბექაურმა დაამარცხა, დამარცხდა. ამასთან ქართველმა, ბოლო წამებზე მცირედი ტრავმაც მიიღო. შერეზადაშვილს პირველი დახმარება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა აღმოუჩინა. სწორედ, მისი და ქართველი ოლიმპიელების მედპერსონალის დამსახურებაა, რომ ტრავმის შემდეგ, ლაშამ გამოჯანმრთელება, რეაბილიტაცია და ოლიმპიური მედლის მოგება მოახერხა.


„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია. ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი დავიზიანე და შეშინებულები ვიყავით, რომ ტოკიოში ვერ წავიდოდი. მისი წყალობით, დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა ჩემი ძიუდო. ახლა კი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია", - ეს არის ლაშა ბექაურის ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც ოლიმპიურმა ჩემპოიონმა IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გვერდს გაუკეთა.


***


შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ჯილდოს შესახებ გამოაცხადა. შესაბამისად, ლაშა ბექაური, 1 მილიონი ლარის პირველი მფლობელიც გახდა.


„ქართული სპორტის გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ლაშა ბექაურის (90 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონობას!


21 წლის ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა და გახდა 37-ე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა!


დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა! დღეს ჩვენ ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.


ჩემი დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული მადლობა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს. ჩემი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს", - წერს თეა წულუკიანი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.




***


ძუდოში 5 საასპარეზო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყულაბაში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე, ვაჟთა შორის, მედლების კიდევ 2 კომპლექტი გათამაშდება - 29 ივლისს, -100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი, +100კგ-ში კი, გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.



სპორტის სამინისტროს ფოტოები

#ოლიმპიურიდროით #ძიუდო #ლაშაბექაური #ოლიმპიურიოქრო #ტოკიო2020