
საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ხვალ, 29 ივლისს, ისრაელში, ჰაიფაში, „ოფერ სტედიუმზე", უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ჰაიფას „მაქაბის" შეხვდება. გუნდების პირველი რაუნდი, თბილიში, მაქაბელთა გამარჯვებით დასრულდა. ამიტომაც, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე მიიჩნევს, რომ, მის გუნდს კიდევ ერთი შანსი აქვს და ჯერ დასრულებული არაფერია. ცხადაძემ თქვა, რომ აგრესიულად უნდა ითამაშონ და ინდივიდუალური შეცდომები აღარ დაუშვან. სწორედ, ინდივიდუალურ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა, პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისშიც, ქართველთა მწვრთნელმა ყურადღება. ამავეზე ისაუბრა, ჰაიფაშიც.
„რა თქმა უნდა, „მაქაბი" პირველი მატჩის შემდეგ კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან თბილისში მოიგო, მაგრამ ვთვლი, რომ დაცვაში თუ საიმედოდ ვითამაშებთ და შანსები, რომელიც მოგვეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, ყველაფერი შეიძლება. არაფერი დამთავრებულია, ეს თამაში „დინამოსთვის" კიდევ ერთი შანსია, რომ კარგად ითამაშოს და დადებითი შედეგი აჩვენოს. უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და ცუდად ვითამაშეთ, მეორე ტაიმმა კი აჩვენა, რომ როცა აგრესიულად და თავდაჯერებულად ვთამაშობთ, შეგვიძლია კარგად თამაში. უნდა ვეცადოთ სწორედ ისე ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში, აგრესიულად და მაღლა. უნდა გამოვრიცხოთ ის ინდივიდუალური შეცდომები, რის გამოც ბოლო მატჩებში გოლებს ვუშვებთ. ცხადია, ერთი გოლიც საკმარისია დამატებითი დროისთვის, მაგრამ გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაშიც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ"- ამბობს კახა ცხადაძე.

ბუნებრივის, ისრაელში, სადაც „დინამო თბილისის' ლოგოს დანახვისთანავე, აეროპორტიდან ცდილობდნენ გუნდის ყველა წევრს ქართულად მისალმებოდნენ, ქართულად გამოლაპარაკებოდნენ და წარმარტება ესურვათ, არაა გასაკვირი, რომ ადგილობრივი მედიაც, პარალელებს სსრკ-ს დროინდელ „დინამოსთან" ავლებენ. მით უმეტეს, რომ იმდროინდელი .„დინამოს" ქომაგები, ისრაელში, ჯერ კიდევ ცხოვრობენ, შესაბამისადნ მატჩის წინ, პრეს-კონფერენციაზე, მასპინძელი ჟურნალისტები, რომლებიც საკმაოდ მომზადებული კითხევბით მოვიდნენ ქართველთა მთავარ მწვრთნელთან შესახვედრად, ამ საკითხითაც დაინტერესდნენ.

„რატომ არ არის „დინამო" ადრინდელივით ძლიერი? „დინამო თბილისი" დიდი ისტორიის გუნდია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპაში მიდიან. განსხვავება ისა, რომ ახლა „დინამო თბილისში" ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ხოლო მაშინ ეს იყო პრაქტიკულად საქართველოს ნაკრები და მონაწილეობას საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვიღებდით, ახლა კი საქართველოს ჩემპიონატში და ჩვეულებრივი კლუბია, აღარ არის საქართველოს ნაკრები, როგორც მაშინ", - ამბობს ცხადაძე.
ფეხბურთელები, რომლებიც ისრაელში ახსოვთ და რომლებსაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში უთამაშიათ, რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთელები არიან. თუმცა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ქართულ გუნდს აქვს ძალიან ძლიერი საფეხბირთო აკადემია, სადაც არაერთი კარგი ფეხბურთელი გაიზარდა. მაგალითისთვის ხვიჩა კვარაცხელია და სულ ცოტა ხნის წინ, მოსკოვის „დინამოში" სათამაშოდ გადასული, ლუკა გაგნიძეც მოიყვანა. თბილისელთა გუნდის თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, კარგ ევროპულ კლუბებში უნდა ითამაშონ და არ გამორიცხა, რომ მომავალში, ისრაელის მთავარ ჩემპიონატშიც გამოჩნდეს რომელიმე. თუნდაც, ანზორ მექვაბიშვილიო, რომელიც ქართველთა მწვრთნელს ამ თამაშზე თან ახლდა.

„საერთაშორისო მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შიდა ჩემპიონატის მერე დიდი გამოწვევაა, ამიტომ, ახალგაზრდები ორმაგად და სამმაგად მოტივირებულები არიან. თბილისშიც ვნახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგაზეც და კონფერენსლიგაზე, უბრალოდ ერთია, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს, ჩვენ არაფერი უნდა დავაკლოთ. „მაქბის" ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ, ეს სწორიც არ იქნება. ჩემი მიზანი? ჩემთვის პირველი „დინამო თბილისია", ევროპაში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ჯერ ჩემთვის მთავარი ეს მატჩია, შემდეგ „დინამოში" ტიტულების მოგება, ხოლო მომავალს დრო გვიჩვენებს", - ამბობს ანზორ მექვაბიშვილმა.

მანამდე კი, ხვალინდელი თამაშია, რომელშიც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ჰყავს. გუნდი, რომელიც ისრაელის ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა და რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის სუპერ თასიც დამსახურებულად მოიგო. ბუნებრივია, ყველა გუნდს აქვს დადებითი და უარყოფითი თამაშები, დანაკლისიც. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, ქართველებს პრეს-კონფერენციაზე, ყურადღება, „მაქაბის" დანაკლისზე გაუმახვილეს. თუმცა, მოგვიანებით, ისრაელში მოთამაშე, ყოფილ დინამოელთან, ლევან კუტალიასთან (რომელიც გუნდის სანახავად ჰაიფაში, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა) საუბარში, არ გამოირიცხა, რომ შესაძლია ეს, სულაც მასპინძლების ხრიკი აღმოჩნდეს და ხვალ, „მაქაბი" თბილისურ მატჩთან შედარებით, უფრო გაძლიერებული შემადგენლობითაც კი, გამოვიდეს.
ჰაიფას „მაქაბისა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირება, თბილისის დროით, 21:00 დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ცნობილია, რომ შეხვედრას 25000 გულშემატკივარი დაესწრება. მათ შორის, აქ „ამოსული ქართველი ებრაელებიც" იქნებიან, რომლებიც ამ ჯერზე, გამონაკლისის სახით, მეორე სამშობლოს, საქართველოს გუნდს უქომაგებენ. ისე, როგორც ათეული წლების წინ, მათი მშობლები აკეთებნენ, თბილისიდან, ქუთაისიდან, საჩხერედან, ზესტაფონიდან...

ხვალინდელ მატჩამდე კი, დინამოელებმა, „ოფერ სტედიუმზე" ერთი საათის განმავლობაში, გაუსაძლის სიცხეში ივარჯიშეს. თბილისელთაგან, ისრაელში მყოფი ყველა ფეხბურთელი, აღნიშნული მომენტისთვის ჯანმრთელადაა.








ჩვენ








