
გუნდის დიდი ნაწილის გამოუცდელობა ევროსარბიელზე, მსაჯების „ცოდვები" (დღეს, ყველაზე ნაკლები, მაგრამ მაინც იყო რამდენიმე), ხმაურიანი ტრიბუნები, უშუალოდ ევროტურნირების წინ, გუნდიდან წასული ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები და ნავსი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ვერა და ვერ გატეხა. ის, რომ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შემდეგ, ფავორიტი ჰაიფას „მაქაბი" იყო, ალბათ, ბოლომდე რთულია დაეთანხმო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ გუნდების დაპირისპირებისას თბილისში, სტუმრებმა, დინამოელთა შეცდომებით, კარგად ისარგებლეს და ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს, როდესაც 1-2 გაიმარჯვეს.
„თამაში როგორ შევაფასო არ ვიცი, პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, სამაგიეროდ გოლები დაცვაში დაშვებული შეცდომებით მივიღეთ. რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ დღეისთვის ჩვენი გუნდი არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ძნელია ყველაფრის ანალიზი. რა თქმა უნდა, მწვრთნელი პასუხისმგებელია, ფაქტია, რომ მესამე გოლის შემდეგ დავიშალეთ", - იტყვის ცხადაძე, ჰაიფაში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც „დინამო თბილისმა", ბევრისთვის მოულოდნელად, 5-1 წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ანგარიში მასპინძლებმა, მე-17 წუთზე გახსნეს, „დინამო თბილისმა", თამაშში დაბრუნება, მალევე მოახერხა. ზორან მარუშიჩის გადაცემით, სადებიუტო გოლი ოსეიმ გაიტანა. დინამოელებმა ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მხოლოდ საკუთარ კარში. ეს, უკვე ცხადაძის გუნდისთვის, რომელიც ნელ-ნელა ახერხებდა სათავისოდ თამაშის წარმართვას, აშკარად დაუგეგმავი იყო და გუნდსაც შეემჩნა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, დინამოელთა კარი, რამდენიმე აშკარა გოლისგან ომარ მიგინეიშვილმა იხსნა. დინამოელთა აქტიურობით დაიწყო შეხვედრის მეორე ტაიმიც, თუმცა... თბილისელთა უყურადღებობები და მსაჯის რამდენიმე არაადექვატური გადაწყვეტილება, კიდევ, ავტოგოლით გამოწვეულ დაბნეულობა დაემატა, როგორც ჩანს და დინამოელებმაც შეცდომებს უმატეს. მერე კი, მოხდა ის, რაც ბოლო სამი წელია, „დინამო თბილისის" ევროტურნირებიდან „გამოვარდნის" მიზეზი ხდება. თბილისელებმა, 10-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუშვეს და კიდევ, ერთი წლით, ევროტურნირებს დაემშვიდობნენ.
ახლა, ჯერ ემოციები „დუღს" და დიდი ალბათობით, განსაკუთრებით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ცივ გონებაზე გაკეთებულ შეფასებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს დაელოდება.





ჩვენ








