ევრობასკეტამდე ბოლო შეხვედრა გულშემატკივართან
ევრობასკეტამდე ბოლო შეხვედრა გულშემატკივართან
11.08.2017
ავტორი:

ტრადიციულ საკალათბურთო ტურნირზე, „თბილისის მერიის თასზე", მოპატიჟებული სტუმრების დაგვიანებული პასუხების გამო, წლევანდელ ასპარეზობაში მხოლოდ ორი, საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ. ტურნირის გამარჯვებულსაც, ამ გუნდების ორრაუნდიანი დაპირისპირება გამოავლენს.
11 აგვისტოს პირველი რაუნდი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 87:76 გაიმარჯვა.
„დღეს ჩვენ კარდინალურად განსხვავებული თამაში ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ გაგვივლია და აქამდე არ გამოგვიყენებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღვმოვფხვრათ პრობლემები დაცვასა და შეტევაში, რაც დღეს გვქონდა. ევრობასკეტამდე, კიდევ 20 დღე გვაქვს და კარგად უნდა მოვემზადოთ. მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ბექა ბურჯანაძე. სამაგიეროდ დაგვემატება ილია ლონდარიძე, რომელმაც ვარჯიშებზე და მოსამზადებელ პერიოდზე ძალიან კარგად გამოიჩინა თავი და ვფიქრობ იმსახურებს შანსს" - ამბობს ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
დღეს, გუნდთან ერთად, პირველად ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც. მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასია. 14 ქულა იყო გიორგი ცინცაძის ანგარიშზეც. ქართვლთა შორის კი ყველაზე შედეგიანი, 22 ქულით თორნიკე შენგელია იყო (7 მოხსნა, 4 პასი).
„კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხეთს, მაინცდამაინც გამოკვეთილი ცენტრი არ ჰყავს და ეს გამოვიყენეთ. ვფიქრობ, მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. დამერწმუნეთ, რომ კარგი დაცვა, თამაშს გაგებინებს. გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემთვის წელს ნაკრებთან პირველი თამაში იყო. რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი. ბექა ბურჯანაძე გამოგვაკლდება, თუმცა ტრავმები სპორტის ნაწილია და ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მთავარია მოირჩინოს ტრავმა, რადგან წინ სერიოზული სეზონი ელოდება ესპანეთში" - ამბობს ზაზა ფაჩულია.
„მთავარია მოვიგეთ. თუმცა, უკმაყოფილო ვარ დაცვაში დაშვებული შეცდომებით. ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, თუმცა შემდეგ თამაშში ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ. მთავარია, 31 აგვისტოს შევხვდეთ კარგად მომზადებული. ეს არის ჩვენი მიზანი" - ამბობს, მანუჩარ მარკოიშვილი.
მომდევნო თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 აგვისტოს, კვლავ სპორტის სასახლეში, 18:00 გამართავს. ამ დღეს სასახლეში, ევრობასკეტის მთავარი ტროფეის, ევროპის ჩემპინატის თასის ოფიციალური წარდგენაც გაიმართება.
სტატისტიკა იხილეთ ბმულზე: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=129671&lng=en
#ევრობასკეტი2017