
ისლანდია, ფინეთი და პირველად, საქართველო, 2017 წლის შედეგების შეჯამებისას, "ფეარ პლეის" შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 55 წევრი ასოციაციიდან, საქართველოს სამ საუკეთესოს შორის მოხვდა.
„უეფა "ფეარ პლეის" შედეგებს ყოველ წელს აჯამებს. ძირითადად, შეფასების კრიტერიუმებში, იგულისხმება ქვეყნის მიერ ჩატარებული საერთაშორისო თამაშები და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ის, რომ ჩვენ ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულები ვართ, იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, წინა წელთან შედარებით, დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ამ შეფასების დროს, უეფას დელეგატების მიერ გაკეთებულ ჩვენებებს ეყრდნობიან. მნიშვნელობა ენიჭება მოედანზე და მოედნის გარეთ ქცევას, ორგანიზაიციულ შეხვედრებს, ოფიციალური პირების ქცევებს გასახდელში და ა.შ. ასევე, გუნდების წარმომადგენლების დამოკიდებულებას მსაჯებთან, მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით ეს ასაკობრივ ნაკრებებთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი. რადგან სწორედ, ამ ნომინაციაში დაგვაფასეს, ნიშნავს, რომ რომ რაღაც მუშაობა, განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებში ჩავატარეთ. ამ მხრივ, ორგანიზებულობამ მოიმატა", - ამბობს ნიკა ჯღარკავა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
"ფეარ პლეის" ლიდერად კვლავ ისლანდია რჩება. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდო, ფინეთს გადაეცა. ყველაზე პროგრესირებად ქვეყნად კი უეფამ საქართველო დაასახელა. 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, "ფეარ პლეის" რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზის გარდა, ჯილდოს სახით პრემიასაც გადასცემს.
"ფეარ პლეის" ფულადი ჯილდო, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს, დიდი ალბათობით, "ფეარ პლეის" ეგიდით მიმდინარე პროექტებს მოხმარდება. თუ ზუსტად რომელ პროექტებზე გადანაწილდება უეფას 2017 წლის ჯილდო, ფედერაციაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ ფედერაცია მუშაობდა "ფეარ პლეის" რამდენიმე პროექტზე (საგანმანათლებლო ლიტერატურის, სემინარების, ბავშვთა სკოლების სახით), ასე, რომ თანხა, სავარაუდოდ მსგავს პროექტებზე გადანაწილდება (მიმდინარე პროექტების, დახმარების სახით). მთავარია, რომ არ განმეორდეს უეფას კიდევ ერთი „გრასრუტსის" პროგრამის თემატიკა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია, რამდენიმე წელია, წარმატებით ატარებს.





ჩვენ








