საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ რეგულაცია ქართველი ძიუდოისტებმა დაარღვიეს
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ რეგულაცია ქართველი ძიუდოისტებმა დაარღვიეს
01.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე დღეა, უცხოური მედია, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ირგვლივ დაფიქსირებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. CNN-ი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პირის განცხადების საფუძველზე, 6 ოლიმპიური აკრედიტაციის შეჩერების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, სახელობით არ ასახელებს თუ, კონკრეტულად ვის შეუჩერდა აკრედიტაცია, თუმცა, ამჟღავნებს ქვეყანებსა და სპორტის სახეობას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.


6-დან ოთხი მათგანი, ვისაც აკრედიტაცია შეუჩერდა, თამაშებზე მომუშავე მოხალისეები არიან, რომლებსაც ორგანიზატორები, ნარკოტიკების შენახვაში ადანაშაულებენ და ისინი ადგილობრივები არიან.


კურიოზულ თავგადასავალში გაეხვია, 6-დან დარჩენილი ორი „დასჯილი" ოლიმპიელი, რომლებიც საქართველოს და კერძოდ, ძიუდოს წარმომადგენლები არიან. ჩვენი გვერდი, ტოკიოში, ქართული მისიის ხელმძღვანელს, ელგუჯა ბერიშვილს დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, მცირე კომენტარი სთხოვა.


„ლაშამ და ვაჟამ დაარღვიეს ოლიმპიელებისთვის დაწესებული რეგულაციის ის მუხლი, რომელიც კრძალვას ოლიმპიური სოფლის დატოვებას მთელი ოლიმპიადის განმავლობაში (ყოველდღიურად, ათეულობით ასეთი შემთხვევა ხდება).  ამასთან დაკავშირებით, განმარტება მივეცით საორგანიზაციო კომიტეტის შესაბამის სამსახურს. ჩვენს სპორტსმენებს შეუჩერეს აკრედიტაცია, თუმცა, იმ დროისთვის მათ, მგზავრობის გრაფიკის შესაბამისად, უკვე დატოვებული ჰქონდათ ოლიმპიური სოფელი და ჩვენს სხვა ძიუდოისტებთან ერთდ აეროპორტში მიემგზავრებოდნენ. სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია", - ამბობს ბერიშვილი.


ოლიმპიური სოფლიდან ქართველის გასვლის თაობაზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა. ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ. ოლიმპიადის მსვლელობისას, ტოკიოში, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება და ფრთხილი იაპონელებიც, როგორც ჩანს „ჯოხის გადატეხას", სწორედ ოლიმპიადის სოფელში მცხოვრებ სპორტსმენებზე აპირებენ, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ კოვიდ-ტესტები და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, კარანტინში გადაჰყავთ.


„მე ასეთი ინფორმაცია მაქვს - ჩვენებს, წარწერიანი მაისურები ეცვათ და მათი იდენტიფიცირება ადვილი იყო. აქ, კოლეგები გვიყვებიან, რამდენჯერ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, თუმცა, არავის დაუფიქსირებია. სოფლიდან გასვლა შეუფერხებლად შეგიძლია, არავინ არ გაგაჩერებს, თუმცა ეს არ განთავისუფლებს ვალდებულებისგან. ჩვენ, თბილისიდან მოყოლებული, ვაფრთხილებთ ყველას მკაცრად, დაიცვან ოლიმპიადის მასპინძლების მოთხოვნები", - ამბობს ბერიშვილი.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რეგულაცია თბილისში გამომგზავრებამდე დაარღვიეს, მათ ოლიმპიური აკრედიტაციები ჩამოერთვათ და ოლიმპიურ სოფელში შესვლა აეკრძალა.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა,  ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ინდივიდუალურ დისციპლინაში, ქალთა და ვაჟთა შორის 9 წონით კატეგორიაში იასპარეზეს და გამოსვლა 30 ივლისს დაასრულეს. ჩვენების ანგარიშზე, ძიუდოს სამშობლოში, ქართველების ანგარიშზე 4 მედალია (1 ოქრო, 3 ვერცხლი), რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. კიდევ ორმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოპოვება, რაც იაპონიისთვის ეტყობა ცოტა მოულოდნელიც იყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ქართველი ძიუდოისტების სახეები, მათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.


აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტში, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურად უკვე აქვს 5 ოლიმპიური მედალი, კიდევ ერთი (და იმედია ის ოქრო იქნება) გზაშია და ოფიციალურად, ხვალ გაფორმდება. მანამდე კი თბილისში, ქართული დელეგაციის ერთი ჯგუფი - ძიუდოისტები, მოკრივეები, ტყვიით მსროლელი, ადგილობრივი დროით, დილის 4 საათზე დაბრუნდებიან.