თეთნულდის ფერდზე „მოჭრილ“ ზვავს, ფრირაიდერები უვნებლად გადაურჩნენ
თეთნულდის ფერდზე „მოჭრილ“ ზვავს, ფრირაიდერები უვნებლად გადაურჩნენ
04.01.2018
ავტორი:

თითქმის მთელი დღის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრული და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, სვანეთში, კურორტ „თეთნულდის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი ზვავის პერიმეტრს ამოწმებდნენ. პირველადი ინფორმაციით, რომელი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112"-დან შევიდა, იტყობინებოდნენ, რომ ზვავში 2 ადამიანი მოჰყვა.

შეტყობინებიდან, მალევე, მაშველებმა ზვავში მოყოლილი ერთი ფრირაიდერი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერების შედეგად, მას ქვედა კიდურები ჰქონდა მოტეხილი. მოგვიანებით, დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადააგზავნეს.  პარალელურად მოწმდებოდა 112-ში შესული ინფორმაცია, ზვავში მოყოლილი მეორე მოსრიალის თაობაზეც. თავდაპირველად, სამაშველოში შესული ინფორმაცია, რომელიც მოწმდებოდა, იყო, ე.წ. დრონის ობიექტივში მოხვედრილი შავი შეფერლობის ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანად აღიქვეს. თუმცა, ადგილმდებარეობის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ნაზვავარ ადგილას ვერავინ აღმოაჩინეს.

დღეს დილით, რუსი ეროვნების, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ფრირაიდერი, კურორტ „თეთნულდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტებისთვის განკუთვნილი სასრიალო ტრასების მიღმა, გაუკვალავში, ზვავის ხელოვნურად მოჭრას შეეცადა. მოწყვეტილ ზვავზე დაშვება, ფრირაიდერებისთვის ნორმაა და ადრენალინის განუმეორებელ შეგრძნებას იძლევა. კონკრეტულად, ამ ექსტრემალურ დაშვებას, მოსრიალეები, „გოპროსა" და „დრონოს" დახმარებით, ვიდეო ფირზეც იღებდნენ. ზვავის მოწყვეტის შემდეგ, სამმა ფრირაიდერმა ზვავიდან გამოსვლა დამოუკიდებლივ მოახერხა. მეოთხე, მაშველებმა გამოიყვანეს.

სამაშველო სამსახურები, შემთხვევის ადგილზე დაღამებამდე პატრულირებდნენ.