ლაშა ბექაურსა და ქართველი ოლიმპიელების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა
ლაშა ბექაურსა და ქართველი ოლიმპიელების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა
02.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დახვედრას ელოდა, თუმცა, ასეთს არა... ნატკენი მხრით, მოგებული ოლიმპირი თამაშების შემდეგ, ახლა, ქართული სპორტის მოყვარულებს, მხოლოდ ის დარჩათ საფიქრალად, რომ თბილისის აეროპორტში, კოვიდ-რეგულაციების ყოველგვარი დარღვევებით მოწყობილი ზეიმი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ახალი ჩემპიონისთვის სავალალო არ გახდეს.


ყატარის ავიარეისის თვითმფრინავს, რომელმაც თბილისსი, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები (ძიუდოს, კრივისა და ტყვიის სროლის ნაკრებები) და მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ჩამოიყვანა, ასობით ადამიანი დახვა, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი, ბექაურის მშობლიური კუთხიდან იყვნენ.






ტოკიოდან დაბრუნებულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტის სამინისტრო, თბილისის მერიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები და ჟურნალისტები დახვდნენ. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა სპეციალური მუსიკალური ნომრით მიულოცა ანსამბლმა „ბასიანმა". გულშემატკივრებს შორის იყვნენ ჩოხსნები, რომლებმაც ბექაურს, ერეკლე მეფის ხმლის ზუსტი ასლი უსახსოვრეს. დახვედრის ცერემონისას კი, ქართული საჭიდაო უკრავდა.




ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი, -90კგ-ში მოასპარეზე, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა  კარიერაში პირველად მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. „ნიპონ ბუდოკანის" დარბაზში ბექაურმა 5 ბრძოლა მოიგო. ნახევარფინალსა და ფინალში მომავალმა ჩემპიონმა შესაბამისად რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ძიუდოისტათაგან ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი მოიგო და დამოუკიდებელ საქართველოში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას 3 ოლიმპიური მედალი მოუპოვა.


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დაეუფლა 4 მედალს. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა, საერთო ჩათვლაში კი 128 გუნდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ 9 ძიუდოისტიდან 7-მა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იბრძოლა. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა მოახერხა.




აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა დიქტორმა იმუშავა. ძიუდოს შეჯიბრს საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე იმსაჯა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოს მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.


ოლიმპიურ თამაშებზე 3 სპორტსმენით წარდგა კრივის ნაკრები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელით 2-ზე მეტი მოკრივე, მხოლოდ 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის რინგზე გავიდა. ტოკიოში ყველაზე ახლოს მედალთან ესკერხან მადიევი (63-69 კგ) იყო. მადიევმა მეოთხედფინალური ორთაბრძოლა დათმო და მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.




მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა ნინო სალუქვაძემ. სალუქვაძე გახდა ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მონაწილეობა 9 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ სალუქვაძემ მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზა, ის გაიმეორებს იან მილარის რეკორდს. კანადელი ცხენოსანი ერთადერთი 10-გზის ოლიმპიელია.


ძიუდოისტების შემდეგ, ბრინჯაოს მედალს ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ) დაეუფლა, რომელიც ჯერ ძალოსანთა გუნდთან ერთად, კვლავ ტოკიოში იმყოფება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას კი,  ამ დროისთვის, ოფიციალურად 5 მედალი აქვს. მე-6 მედალი კი, „გზაშია" - ფინალის საგზური ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ, 130 კგ წონით კატეგორიაში გუშინ მოიპოვა და დღეს, მხოლოდ ამ მედლის სინჯია გასარკვევი.




სპორტის სამინისტროს ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი