ქართული დელეგაციის ერთი წევრი, დოპინგ-სკანდალში გაეხვა
ქართული დელეგაციის ერთი წევრი, დოპინგ-სკანდალში გაეხვა
03.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. მას შემდეგ, რაც ორ ქართველ სპორტსმენს კოვიდ-რეგულაციის დარღვევის გამო, აკრედიტაცია ჩამოართვეს, სეოკ-ს კიდევ ერთი განმარტების მიცემა უხდება, თუმცა, ამჯერად შედარებით სერიოზულ, დოპინგის თემაზე. გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებას, რომელიც ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სოციალური ქსელით გაავრცელა:

 

სეოკ-ის განმარტება


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.


დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.


მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.


აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი.


***

აღსანიშნავია, საქართველოს დელეგაციის წევრს, ბენიკ აბრამიანს, რომელიც ადრეც იყო დოპინგ-სკანდალში შემჩნეული, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დღეს უნდა დაეწყო. თუმცა, თამაშებამდე, დამოუკიდებელი (ITA) ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, სპორტსმენებსა და მათ შორის 36 წლის საქართველოს რეკორდსმენს (2021 წლის 18 მაისს, მან საქართველოს რეკორდი დაამყარა და ბირთვი, 21,11 მეტრზე სტყორცნა) დოპინგზე ტესტი ჩაიტარეს და სამწუხაროდ, შეჯიბრიდან მოხსნეს. საქართველოს წარმომადგენლის ანალიზში, ორი აკრძალული პრეპარატის (dehydrochloromethyl-testosterone, metandienone და tamoxifen) კვალი აღმოჩნდა.


რეკორდი, რომელიც აბრამიანმა სომხეთში, არტაშაეტში გამართულ  ტურნირზე დაამყარა საქართველოს წარმომადგენელმა და ჩვენიანს, მსოფლიო რეიტინგის 30-ე საფეხურზე ყოფნის უფლებას აძლევს, სპორტსმენს, დროებით, საკითხის საბოლოო გარკვევამდე შეუჩერდა. ახლა აბრამიანს, ანტიდოპინგური სასამართლოს საარბიტრაჟოშიღა რჩება აღნიშნულის გასაჩივრება. სპორტსმენს, ასევე უფლება აქვს B-სინჯის ანალიზიც ჩაიტაროს. ვიდრე, საქმე ძიებაშია, ITA თემასთან დაკავშირებით, კომენტარებს არ იძლევა.


შეგახსენებთ, რომ აბრამიანი, ტოკიოში მყოფი სამი ქართველი მძლეოსანთა შორის ერთ-ერთია ვისაც დღეს, ბირთვის კვრის შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ორმა წევრმა კოვიდ-რეგულაციის წესი დაარღვია. მანამდე, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის გამო, შეიქმნა გაურკვევლობა ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებით. ხოლო, ბატუტზე მხტომელი, ლუბა გოლოვინას თავს გადამხდარი, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული თემაა.