
ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ცოტა ხნის წინ, პირადი სოციალური ქსელით ორაზროვანი განცხადება გააკეთა. ხინჩეგაშვილი წერს, რომ ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ცვლილებების დრო დგება.
„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.
რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.
ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი.
და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი", - ნათქვამია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სტატუსში.
როგორც იცით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მიზეზით, ოლიმპიადის ბოლო სალიცენზიო ტურნირი გამოტოვა და ტოკიოს 2020-ის მიღმა დარჩა.
თავისუფალის სტილით მოჭიდავემ, სპორტულ კარიერაში, პირველ სერიოზულ წარმატებას 2011 წლის დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია, როდესაც 20 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა. კიდევ ერთ წელში კი, მას ოლიმპიური ვერცხლიც მიუმატა. ამ მომენტისთვის უცნობია, „ცვლილებებში", იგულისხმა თუ არა ხინჩეგაშვილმა, აქტიური სპორტიდან წასვლა .
ოლიმპიური თამაშები
2012 ლონდონი / ვერცხლი (-55კგ)
2016 რიო-დე-ჟანეირო / ოქრო (-57კგ)
მსოფლიო ჩემპიონატი
2014 ტაშკენტი / ვერცხლი (-57კგ)
2015 ლას-ვეგასი / ოქრო (-57)კგ
ევროპის ჩემპიონატი
2011 დორტმუნდი / ვერცხლი (55კგ)
2013 თბილისი / ბრინჯაო (-60კგ)
2014 ვანტაა / ოქრო (-57კგ)
2016 რიგა / ოქრო (-57კგ)
2017 ნოვი-სადი / ოქრო (61კგ)





ჩვენ








