
ტოკიოს 2020 ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა, მხოლოდ ერთი ოლიმპიური მედლით დაასრულეს. კიდევ ერთ მედლამდე, ცოტა დააკლდა 67კგ-ში მოასპარეზე ქართველ ფალავანს რამაზ ზოიძეს, რომელიც ოლიმპიური ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდა. მედლისათვის ბრძოლაში, 25 წლის ქართველი, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანელ ფრანკ სტაბლერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4-5 წააგო.
1/2 ფინალამდე, რამაზმა ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი რამაზ ზოიძე, მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშებში, ასპარეზობის 1/8 ფინალში, გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ისმაელ ბორერა მოლინას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3-2 გაიმარჯვა. შემდეგ, ზოიძემ, დევნილთა გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდისთან ეფექტური გამარჯვებაც მიითვალა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
თუმცა, ფინალში მიმავალ გზაზე, ჩვენებურს ირანელი გადაეღობა. ქართველმა ფალავანმა, აზიის ჩემპიონთან, მოჰამადრეზა გერაისთან ფინალში გამსვლელი ორთაბრძოლის პირველი პერიოდი 1-0 მოიგო. თუმცა, მეორეში, საკვანძო მომენტში ქართველი გაფრთხილეს, მეტოქეს ქულა მისცეს და ზოიძე კი, ჩოქბჯენში გაუშვეს, რაც ირანელმა 2 ქულაში გარდასახა. შეფასება უსამართლოდ მიიჩნიეს ჩვენმა მწვრთნელებმა და „ჩელენჯი" მოითხოვეს. თუმცა, კონკრეტული ეპიზოდის განხილვამ შედეგი არ გამოიღო და ზოიძე დამატებითი ქულით დააჯარიმეს. მალევე ზოიძემ კიდევ ორი ქულა დაკარგა. შედეგად, ირანელმა 1-6 გაიმარჯვა.
***
აქვე გეტყვით, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 87კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც ქართული დელეგაციიდან ლაშა გობაძე ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი, 30 წლის ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი, ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს და მას ქვეყნის დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგმოუხდა.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








