საკალათბურთო სუპერლიგაზე საახალწლო შესვენება დასრულდა
საკალათბურთო სუპერლიგაზე საახალწლო შესვენება დასრულდა
06.01.2018
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა, დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაძაბული დაპირისპირებებით განახლდა. ახალი წლის პირველ მატჩებში, „ოლიმპი" - „ბათუმს", ხოლო „სოხუმი"- „ქუთაისს" დაუპირისპირდა.

„ოლიმპი" და „ბათუმი" გათამაშების ცხრილში მეზობლად არიან. გამომდინარე აქედან, მატჩის პირველი მეოთხედის შედეგი 15-16, სტუმართა სასარგებლოდ არავის გაჰკვირვებია. ისევე, როგორც მომდევნო მეოთხედისა 18-20, რომელიც კვლავ, ბათუმელთა სასარგებლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ეს მატჩი 8 კაცით ჩაატარეს, შესაძლოა ამიტომაც, მატჩის მიწურულს გუნდს დაღლილობა დაემჩნა და აქედან გამომდინარე, შეცდომებმაც იმატა. 

„ვცდილობდით ბურთების ჩაგდებას, არ გამოგვივიდა და წავაგეთ, ასეც ხდება. იმედია, ამ შეცდომებს გამოვასწორებთ", - ამბობს ვლადიმირ ბოსნიაკი, „ბათუმის" მთავარი მწვრთნელი.

არ იყო სრული შემადგენლობით, არც „ოლიმპი". გუნდს, ტრავმების გამო მარკ ოგდენი და მიხეილ ჭოჭუა აკლდნენ.  მეორე ტაიმის დაწყებამდე „ოლიმპი" თამაშსს, 3 ქულით აგებდა, 33-36.

„გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ექვსი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული. დღეს, ფაქტობრივად, შვიდი მოთამაშით ჩავატარეთ მატჩი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთულესი თამაში გამარჯვებამდე მიგვეყვანა. შემდეგი თამაში „დინამოსთან" გვაქვს და ამისთვის ვემზადებით. იმედია ტრავმირებული კალათბურთელებიც მალე დაგვიბრუნდებიან", ამბობს, დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი).

დანაკლისის მიუხედავად, „ოლიმპმა" მესამე მეოთხედის მოგება 4 ქულით  19:15, და ბოლო, დასკვნითი პერიოდის წინ, საერთო ჯამში ანგარიშში 1 ქულით წინ გავიდა, 52-51.  ნათელი იყო, რომ ბოლო მეოთხედი დაძაბული გამოდგებოდა. ვითრება განსაკუთრებით, მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე დაიძაბა.  ბათუმელთა შვიდიანმა, ქადარიამ ანგარიში გაათანაბრა 62-62. თუმცა, ამის შემდეგ, დარჩენილი დროში ქადარიამ, ისევე როგორც აჭარული გუნდის საუკეთესო მოთამაშემ, ამერიკელმა ლეგიონერმა სპენსერ კოლინზმა 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა. ბათუმელთაგან ბოლო 2 ქულა ნოდარ თენიეშვილმა ჩააგდო. ამის შემდეგ, „ბათუმის" ყველა ნასროლი უზუსტო იყო. „ოლიმპმა" კი. მოწინააღმდეგის შეცდომები ჭკვიანურად გამოიყენა და ანგარიში მცირედით, მაგრამ გაზარდა. მატჩს წერტილი ჯერ მერაბ ბოქოლიშვილის  ზუსტად ნასროლმა ორმა საჯარიმომ დაუსვა. ბოლო წამებზე კი, თბილისელთა კიდევ ერთი ლეგიონერის, მაურიუს ჰილის საჯარომომ,  „ოლიმპს", პრინციპულ მეტოქესთან,  5-ქულიანი სხვაობით 69-64 გაიმარჯვება გაუფორმა.  

მატჩში, ყველაზე შედეგიანი, ბათუმელთა 21-ე ნომერი მაურის ჰილი იყო, რომელმაც 25 ქულის დაგროვება შესძლო.  გამარჯვებულთა შორის კი 22 ქულით, საუკეთესო იყო, სპენსერ კოლინზი. (იხ. სტატისტიკა)



„ქუთაისმა", დღეს, ბოლო მეოთხედში, „სოხუმთან" „გამოგლეჯილი" გამარჯვების შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, ლიდერის პოზიცია, თბილისის „დინამოს" მორიგ მატჩამდე დაიბრუნდა. ქუთათურები, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დღევანდელი თამაშის შემდეგ 2-ით მეტი ჩატარებული თამაშის ხარჯზე და შესაბამისად, 2 ქულით უსწრებენ.

მატჩის დასაწყისში, „ქუთაისი", როგორც მოსალოდნელი იყო 9 ქულით დაწინაურდა. თუმცა, „სოხუმმა" გონზე მოსვლა მალევე მოახერხა და ძირითადად, გუნდის ლეგიონერების ხარჯზე, შესძლო, რომ ამ და მომდევნო მეოთხედშიც ქუთათურები 5-6 ქულაზე მეტი სხვაობით ანგარიშში დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ.  პირველი მეოთხედი 14-20 დასრულდა „ქუთაისის" სასარგებლოდ, მომდევნო კი უკვე „სოხუმმა" მოიგო 19-15. თუმცა, ტაიმი, სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა 33-35.

„დაცვის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. დავრჩით, ცენტრალურმა თავდამსხმელის გარეშე, რომელმაც დატოვა ქვეყანა და შესაბამისად გუნდი. ახლა, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოვძებნოთ შემცვლელი. სხვა შემთხვევაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", -ამბობს მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.

ცენტრის გარეშე დარჩენილ „სოხუმში" დღეს დიდი ჯაფა კვან უოლერსა და სერგეი პრიმარკის დააწვა. შესაბამისად, მატჩის ბოლოს, ყველაზე მეტი ქულაც, სწორედ მათი გვარების გასწვრივ ეწერა, შესაბამისად 26 და 15. ქუთაისელთა შორის კი მთელი მატჩის მანძილზე, სტაბილურად, ითამაშეს ბექა ბექაურმა და აკაკი ლომოურმა. თანაგუნდელებს, მხარი აუბა რიჩარდ მათიაშვილმაც, რომელმაც საბოლოო ჯამში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, 12 ქულით დაამთავრა შეხვედრა ჯონოთან ლიმაც. საუკეთესო მაჩვენებელი კი დეჟუან რაითის ანაგრიშზეა, 15 ქულა.

"კარგია წლის დაწყება გამარჯვებით. მიუხედავად იმისა, რომ "სოხუმი" შესუსტებული შემადგენლობით იყო და გარკვეული პრობლემების წინაშე დგას ეს გუნდი, ბოლომდე იბრძოლა. მთავარი კი ისაა, რომ გავიმარჯვეთ. ძალიან მალე, მორიგი მატჩი გველის. ჩვენი მიზანია, რომ მალე გამოვიდეთ სადღესასწაულო განწყობიდან და მთელი ძალებით დავუბრუნდეთ საქმიანობას", - ამბობს, კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის შეგირდებმა, მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახრეხეს, მშვიდად თამაში. ისიც, მას შემდეგ, რაც ანგარიშში სხვაობა 11 ქულა დაიგულეს. 19-22, 13-22. ეს დარჩენილი მეოთხედების ანგარიშია, მატჩი კი 65-81 დასრულდა „ქუთაისის" სასარგებლოდ. (იხ. სტატისტიკა)

***

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მატჩები ორშაბათს, 8 იანვარს გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 „მგზავრები"- „დინამოს" შეხვდება, 18:00 კი „კაკტუსი"-„რუსთავს" დაუპირისპირდება.


საქართველოს კალათბურთს ფედერაციის პრეს-სამსახურის ფოტოები