
ქართველი ფეხბურთელი ქალი თამარ ტატუაშვილი, ახალი სეზონიდან პორტუგალიის ქალთა მთავარ ჩემპიონატში ითამაშებს. „ტატუს" ახალი კლუბის, „ამორას", რომელის ისტორიაც 100 წელს ითვლის, ქალთა გუნდს, 2021 წლის სეზონზე პორტუგალიის ლიგის მოგება აქვს მიზნად დასახული. შესაბამისად, კლუბის ოფიციალური გვერდი ამ მიზნის განხორციელებაში, 30 წლის გამოცდილ ქართველ მცველს დიდ იმედებს უკავშირებს.
„ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ვითამაშო პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში. მადლობა ღმერთს პირველ რიგში, რომ ეს შემაძლებინა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ჩემი მხრიდან კი, მე ყველაფერს გავაკეთებ, ახალ გუნდთან ერთად მივაღწიო დასახულ მიზანს, რომლისთვისაც გუნდის თითოეული წევრი დაუღალავად შრომობს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდელებს მწვრთნელებს და თითოეულ აქ მომუშავე ადამიანს თბილი და მეგობრული გარემოს შექმნისთვის, რაც დიდად დასაფასებელია პორტუგალიელი ხალხისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მენეჯერს დაუღალავი შრომისთვის, რომ ერთად მიგვეღწია ამ დასახული მიზნისთვის. ვიყო ამ გუნდის ნაწილი არის უდიდესი პასუხისმგებლობა", - ამბობს თამარ ტატუაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და საიმედო მცველი, ახალ გუნდთან ერთად, 2021-22 წლების სეზონის Liga BPI-ის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 5 სექტემბერს გამართავს. მისი გუნდი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ბენფიკას" ქალთა გუნდს, 3 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
„ახალი გუნდის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ჩემი აგენტი დამიკავშირდა. ამ დროს, იორდანიაში 3-თვიანი კონტრაქტით ვიყავი და იქ, მისი დამთავრების შემდეგ, პირდაპირ პორტუგალიაში ჩამოვედი და ერთწლიან კონტრაქტზე მოვაწერე ხელი", - ამბობს თამარ ტატუაშვილი TSFF.GE- სთან საუბარში
შეგახსენებთ, რომ თამარ ტატუაშვილი 2020 წლის სეზონზე, თბილისის „ნიკეს" ღირსებას იცავდა და მასთან ერთად, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. თუმცა, მანამდე წლების მანძილზე ტატუაშვილი თურქეთის ქალთა სუპერლიგაში თამაშობდა, გარკვეული ხანი დუბაის „ალ აჰლიშიც" იყო. თუმცა, ბუნებრივია, ქართველი ფეხბურთელის პორტუგალიურ კლუბში გადასვლა, მის საკლუბო კარიერაში, ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
ცნობილისთვის, ქალთა ფეხბურთში, ფიფა-ს რეიტინგში, პორტუგალია 30-ე პოზიციაზეა. შედარებისთვის, საქართველო 123-ზე. უეფა-ს რეიტინგში კი, 23 ადგილზე / საქართველო 42-ზე. ასევე ცნობისთვის, პორტუგალიაში ქალთა რამდენიმე ლიგა თამაშდება.
ფოტო: Amorafc.com
#ქალთაფეხბურთი #ქართულილეგიონი





ჩვენ








