
როჯერ ფედერერი: „ვიმოგზაურებ ბავშვებთან ერთად და აღმოვაჩენ მსოფლიოს ულამაზეს პარკებს. მე და მირკა ამაზე დიდი ხანია ვოცნებობთ და ეს დრო ახლოვდება."
როჯერ ფედერერი 8 აგვისტოს 40 წლის გახდა.
20 დიდი სლემის მფლობელი, 103 ტიტულის მქონე ყოფილი #1 და ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი თავის დაბადების დღეს მედიაში არ გამოჩენილა. მუხლზე შარშან ჩატარებული ოპერაციის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნის შესახებ განცხადების შემდეგ შვეიცარიელი მაესტროსგან არაფერი გვსმენია.
გუშინ კი შვეიცარიულმა ონლაინ გამოცემამ Schweizer Illustrierte (https://www.schweizer-illustrierte.ch/people/swiss-stars/vierzig-ist-ein-cooles-alter) იუბილართან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მნიშვნელოვანი დეტალები, რაზეც როჯერ ფედერერმა ჟურნალისტთან ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა:
- „40 წლის ასაკში თავს გადასარევად ვგრძნობ. ცუდად სულაც არ ჟღერს ორმოცი. ნუ, 20-ის აღარ ხარ, პატარა როცა ხარ, 40 წლის ადამიანი ასაკოვანი გგონია, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა."

დაბადების დღე როჯერმა ესპანეთში, იბიცაზე აღნიშნა.
- „სახლი ვიქირავეთ და ოჯახი, მშობლები და მეგობრები შევიკრიბეთ. უჩვეულო და განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ჩემს დაბადების დღეს დიდი წვეულებით არასოდეს ავღნიშნავდი, სულ ტურში ვიყავი და ან ვვარჯიშობდი, ან თამაში მქონდა... ბავშვებმა მიმღერეს, ტორტზე სანთლების ჩაქრობაზე მეტად მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველანი ერთად ვიყავით მშვიდად, სპორტული გეგმების გარეშე".
იუბილარი მამისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ტყუპების ნახატები აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ფედერერს ტყუპი გოგონები და ტყუპი ბიჭები ჰყავს. ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ ძვირფასი საჩუქრებით ვერავინ გაგაკვირვებდათო, ფედერერმა უპასუხა, რომ ძვირფასი ნივთები არც ყოფილა, უფროსებმა ზოგმა საზეიმო სადილზე დამპატიჟა, ზოგმა ლაშქრობაში, ასევე ჩემმა საქველმოქმედო ფონდმა აფრიკელი ბავშვების მილოცვების ვიდეო გამიკეთა და ამანაც ძალიან გამახარა, ამბობს იუბილარი როჯერ ფედერერი.

- „წესით, ამ პერიოდში ტოკიოში უნდა ვყოფილიყავი და წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, ამიტომ ახლა რომ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად გავატარე ეს დღე ვარჯიშის და მატჩების გარეშე, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი".
როჯერს დაბადების დღე ბავშვობის კერპებმა პიტ სამპრასმა, ბიორნ ბორგმა და შტეფან ედბერგმა ერთდროულად მიულოცეს, რამაც იუბილარი ძალიან გაახარა. როგორც თავად ამბობს, „იმაზე მეტმა ადამიანმა მომილოცა ვიდრე დიდი სლემების მოგებისას მილოცავდნენ. ძალიან გამახარა იმან, რომ ამდენი ნამდვილი მეგობარი მყოლია მთელს მსოფლიოში".

Schweizer Illustrierte: გეშინიათ ამ ასაკის?
- „არა. დილას რომ გავიღვიძე, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ადრე. თავიდან მეცინებოდა ამ ასაკზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ მაგარი ასაკია და მოუთმენლად ველი ყველაფერს რაც ჯერ კიდევ წინ არის. თავს ვგრძნობ 28-29 წლის ასაკში, მაქსიმუმ 30 წლის დასაწყისში."
Schweizer Illustrierte: 40 წლის ასაკში რისი მიღწევა გსურთ ჩოგბურთში?
- „იმაზე მეტის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. გამეორების ღილაკს დავაჭერდი ხელს და ყველაფერს გავიმეორებდი ოღონდ სტრესის და სპორტსმენის ვალდებულებების გარეშე. ტოკიოში წავიდოდი საკურას ბაღების სანახავად, დავესწრებოდი NBA, NHL, NFL ფინალებს, ისე რომ შორი ფრენები ხელს არ უშლიდეს ჩემს ვარჯიშს და სპორტულ გეგმებს. ვიმოგზაურებ ბავშვებთან ერთად და აღმოვაჩენ მსოფლიოს ულამაზეს პარკებს. მე და მირკა ამაზე დიდი ხანია ვოცნებობთ და ეს დრო ახლოვდება."

Schweizer Illustrierte: არის რაც გაშინებთ ამ ასაკში?
- „მშობლებს ასაკი ემატებათ, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან, მაგრამ სულ უფრო მეტად ვგრძნობ, რომ მათთან მეტი დრო უნდა გავატარო. ადრე ტურში დაგვყვებოდნენ, ახლა უნდა ჩვენ ვიყოთ მათთან."
Schweizer Illustrierte: 40 წლის ასაკში თქვენ გახდებით უფრო მოაზროვნე, უფრო მოწიფული თუ?...
- „უფრო ბრძენი".
Schweizer Illustrierte: შუახნის კრიზისი გიახლოვდებათ და ტოსკანაში ხომ არ გაატარებდით ამ დროს?
- „არა. მინდა ახალ ინსტრუმენტზე დაკვრა ვისწავლო, მაგალითად, საქსაფონზე. ასევე დავუბრუნდე სრიალს და ყვინთვა გავიუმჯობესო. სიმართლე გითხრათ, მე საკმაოდ მოუსვენარი ადამიანი ვარ."
- „დიდი ხანია ვიცი, რომ ყველაფერი იცვლება და ცხოვრებაში ბევრი ახალი გამოწვევაა. მირკა ჩემი დამღლელი კარიერის პარალელურად ზრუნავდა ჩემს გარშემო ახლობლების შენარჩუნებაზე. მე არ მაკლია ურთიერთობები, ყველაფერი რიგზეა, ამ მხრივ შეიძლება ბედნიერი გამონაკლისი ვარ ტურში."
- „ბავშვებთან ურთიერთობაში, კიდევ 10 წელი შეიძლება მჭიდროდ ვიყოთ ჩართული მათ ცხოვრებაში, ეს დრო მალე გაირბენს და არ მინდა რაიმე გამომრჩეს".

Schweizer Illustrierte: რა ასაკში ყოფნას ისურვებდით ახლა?
- „რა თქმა უნდა, გინდა იყო 19-20 წლის, როდესაც ყველაფერი იწყებოდა. გუშინ ლენიმ მკითხა, რომელი იყო საუკეთესო ასაკიო და მე მას ვუთხარი: 7".

- „შემდეგი წლები ჩემი ცხოვრება იქნება დატვირთული ქველმოქმედებით და ბიზნესით და მე ამას მოუთმენლად ველი".
Schweizer Illustrierte: როგორ წარმოგიდგენით თავი 50 წლის ასაკში?
- „ვიქნები ძალიან განსხვავებული: ჭაღარა და მსუქანი. მაგრამ არ ინერვიულოთ, არის ჩემს ირგვლივ ხალხი, ვინც ამის საშუალებას არ მომცემს".









ჩვენ








