
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ შეხვედრა გამართეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მიღწეულ წარმატებებზე. სოსო გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ტოკიოში მასპინძლობისთვის და საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მოხიბლული და აღტაცებულია პანდემიის პირობებში საერთაშორისო ოლიმპიადის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებით. შეხვედრაზე ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული განათლებისა და სპორტული მედიცინის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს 2022 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ერთობლივი სპორტული ღონისძიებებისა თუ ვორკშოფების ჩატარების შესახებ. სოსო გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება იაპონელი სპორტსმენების მიერ გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით საწვრთნელო და სუმოს მიმართულებით. თავის მხრივ, მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ემზადება 2022 წელს გასამართი ღონისძიებებისთვის და ამ მიზნით, მომდევნო კვირიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ელჩი კულტურის სამინისტროში მეორედ იმყოფებოდა. მიმდინარე წლის ივნისში იმამურა აკირას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა და მასთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








