
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი 1 მლნ ლარს მიიღებდა. ტოკიოს თამაშებზე, ასეთი ორი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ. თუმცა, კიდევ ხუთმა ქართველმა ვერცხლის და ერთმაც ბრინჯაოს მედალი მოიგო. სწორედ, მათთვის იყო მოულოდნელობა, რომ საქართველოში დაბრუნებულებს, ჯილდოდ 500 ათასი და 250 ათასი ლარი ერგოთ, მედლების ყალიბების შესაბამისად. ამის შესახებ, საზოგადოებამ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გამართულ ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე შეიტყვეს.
„სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ, სტიმულის მიმცემია დაფასება და გულშემატკივრების გამოხატული ემოცია, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდის სპორტსმენი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა და სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე", - ამბობს ლაშა ტალახაძე ცერემონიის დასრულების შემდეგ.
ოლიმპიელებთან შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რვა მედალი არის ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამასთან, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავა.
„ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რათა კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს. ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, რადგან ოლიმპიადა იყო, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი", - ამბობს ლაშა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109), ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო, 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო, 73 კგ), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო,+100), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ), გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა, 96 კგ).













ჩვენ








