ირაკლი ძარია 2018 წლის სეზონს ალბანეთში გახსნის
ირაკლი ძარია 2018 წლის სეზონს ალბანეთში გახსნის
10.01.2018
ავტორი:

ირაკლი ძარია, რომელმაც 2017 წლის სეზონი გორის „დილაში" ჩაატარა, ახალი წლიდან ალბანეთში გააგრძელებს კარიერას. საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებისთანავე, გორის „დილას" ხელმძღვანელობამ გუნდის რადენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ირაკლი ძარიასაც ახალი ხელშეკრულება აღარ დაუდო. თუმცა, გამოცდილი ნახევარმცველისთვის ახალი გუნდის პოვნა არ გამოდგა ხანგრძლივი პროცესი. ქართველმა ნახევარმცველმა დღეს, ალბანეთის მოქმედ ჩემპიონთან, „კუკესთან" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ამჟამად, კლუბთან ერთად ვიმყოფები. ამ ეტაპზე, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი ზაფხულამდე მოვაწერე. იმ შემთხვევაში თუ გუნდი, ევროტურნირებზე გავა, კლუბთან მაქვს მოლაპარაკება, რომ კონტრაკტი გადაიხედოს, გაგრძელდეს და ის პირობებიც გაუმჯობესდეს, რაც ამ მომენტისთვის არის ჩაწერილი კონტრაქტში", - ამბობს tsff.ge ს-თან საუბარში ირაკლი ძარია.

ირაკლი ძარიას ახალი გუნდი, ამჟამად თურქეთში, ანტალიაში იმყოფება სადაც „კუკესი" ალბანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის მზადებას გადის. პირველი თამაში ძარიას გუნდს 27 იანვარს აქვს. ამ მომენტისთვის კი, ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი, 25 ქულით გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა და მეორე ადგილოსანს სამი და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდს 2 ქულით ჩამორჩება.