
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. გიორგი შპეტიშვილს (77 კგ) კი საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - რეპეშაჟის ფინალში, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან წააგო და მეხუთე ადგილი დაიკავა.
დღესვე, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები, ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. მსოფლიოს კონკურენციაში ხუთი ქართველი ჩაება და მათგან სამი, ხვალ მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
ქართველთაგან საუკეთესო დღე გიორგი ჩხიკვაძეს ჰქონდა. 72 კილოგრამში მოჭიდავე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა უფას ხალიჩაზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე ადვილად მოიგო. მერვედფინალში ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი დაამარცხა (10:0), მეოთხედფინალში - აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0), ხოლო ნახევარფინალში - სომეხი შანტ ხაჩატრიანი (8:1). საჩემპიონო ბრძოლაში გიორგი ჩხიკვაძე რუსეთის ნაკრების წევრს ევგენი ბაიდუსოვს დაუპირისპირდება.
ლუკა ოჩიგავა (67 კგ) ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს. მისი პირველი მეტოქე ფინელი ნესტორი კალე მიკაელ მანილა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ოჩიგავა რეპეშაჟის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრს მუსლიმ იმადაევს დაეჭიდება, ხოლო თუ მასაც აჯობებს, მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრების წევრ გაგიკ სნიოიანს შეხვდება.
საბა მამალაძეც (82 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. მას კვარცხლბეკს ორი შეხვედრის მოგება აშორებს. რეპეშაჟის ნახევარფინალში უნგრელ დომინიკ ანდრას მეჟეის დაეჭიდებ. ამ წყვილიდან გასულს კი ინდოელი რავი მალიკი ელის.
დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი 22 აგვისტოს გათამაშდება. სატურნირო ბადეები და პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი: https://uww.org/event/world-championships-54?tab=results





ჩვენ








